რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"დიდება რუსეთს" - ГУР-ი ადასტურებს, რომ ნაწამები უკრაინელი ტყვის ფოტო რეალურია

უკრაინელი სამხედრო ტყვეები - საილუსტრაციო ფოტო 
РИА

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР)მეთაურის მოადგილე, ანდრიი იუსოვი ადასტურებს, რომ გასულ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც გათავისუფლებული უკრაინელი ტყვის სხეული ჩანდა, რეალურია.

"სამწუხაროდ, ეს რეალური ფოტოა... ფოტო თავის თავზე მეტყველებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მხოლოდ უკრაინელებმა კი არა, მთელმა მსოფლიომ ნახოს, უკრაინელებმა კარგად იციან, თუ ვინ არიან რუსები." - თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანმა.

იუსოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ტყვე არა 9 ივნისის, არამედ წინა გაცვლის დროს გაათავისუფლეს.

მისი თქმით, ექიმმა შემოწმების დროს ნანახ სურათს ვერ გაუძლო და ფოტო გადაუღო.

იუსოვის თქმით, ტყვეების 90% ამბობს, რომ მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ, რაც მოიცავს წამების შემთხვევებსა და საჭირო მედიკამენტების მიცემაზე უარის თქმასაც. მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევას აღწერენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან.

9 ივნისს გავრცელდა ნაწამები უკრაინელი ტყვის ფოტო. რუსეთის ტყვეობაში ყოფნის დროს უკრაინელ სამხედროს სხეულზე ამოუშანთეს სიტყვები: "слава России" - "დიდება რუსეთს", რაც გამოთქმა "დიდება უკრაინის" ცინიკური გადათამაშებაა.

გაფრთხილება: ფოტო შეიცავს სენსიტიურ გამოსახულებას

9 ივნისს გავრცელებული ფოტო, რომელშიც ნაწამები უკრაინელი ტყვის სხეული ჩანს

 

კომენტარები