დღეს, 9 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ორი სასამართლო პროცესი გაიმართა - ადმინისტრაციული საქმის განხილვა (2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრა - იერსახის დამახინჯება) და სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.
შემდეგი სხდომა (სისხლის სამართლის საქმეზე) 23 ივნისს გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის მოწმეს, ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს მოუსმინა. პროკურატურის მოწმეთა დაკითხვა დასრულებულია.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ნინო სახელაშვილი 2022 წლიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა, ამავე ვებგვერდზე მისი ბიოგრაფიის ნიხედვით, არ იძებნება არცერთი ეპიზოდი, როცა სახელაშვილი სისხლის სამართლის მოსამართლე იყო, თუმცა იგი ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.
დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობა დააყენა.
"მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში გამოიყენეს კადრები, რომელშიც მე ვჩანვარ და ამ დროს, შეუძლებელია, მე იქ ვიყო იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ საღამოს თურქეთში, იმ საღამოს გადმოვედი ბათუმში და მივედი ამ საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, როცა მზია ამაღლობელი უკვე გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან. ეს დაადასტურა კიდეც ექსპერტიზამ, რომ ეს კადრები იყო მანიპულაციურად გამოყენებული იმიტომ, რომ ეს კადრები არის გადაღებული მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე და არა ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე" - თქვა მოწმის სახით გამოკითხულმა ანანიძემ.
- სილის გაწვნისას დგებუაძის რეაქცია თავდაცვაა და არა ტკივილის გამომხატველი გრიმასა - მოწმე
-
სიწითლე, ტკივილი დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის - ბრალდების მოწმე ექსპერტი დგებუაძეზე
-
სილის გაწვნისას დგებუაძის რეაქცია თავდაცვაა და არა ტკივილის გამომხატველი გრიმასა - მოწმე
-
წამიერი, იმწუთიერი ტკივილი, შეწითლება - რა თქვა ირაკლი დგებუაძემ დღევანდელ პროცესზე
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





