ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, პროკურატურის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა, რომლის განცხადებითაც, "სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის", ასევე, მისი თქმით, არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე და რომც შეემჩნია მსგავსი რამ, ალბათ დასკვნაში არ მიუთითებდა.
ცნობისთვის, სწორედ ჩხარტიშვილია ის ექსპერტი, ვინც "დაზარალებულ" ირაკლი დგებუაძეს და ასევე მზია ამაღლობელს ექპერტიზა ჩაუტარა.
"როდესაც ჩემს წინაშე ხდება შესამოწმებელი პირის წარმოდგენა, ხდება მოკლე ანამნეზის შეკრება. ასე ვთქვათ, ვეკითხებით, უშუალოდ საქმის გარემოებას. შესამოწმებლის გადმოცემით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთმა ქალბატონმა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი. ეს უშუალოდ რაც შესამოწმებელმა პირმა გადმომცა მე პირადად". - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
პროკურორმა მოწმეს ჰკითხა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა ვიზუალურად ირაკლი დგებუაძეს, როცა მასთან მიიყვანეს, რაზეც ჩხარტიშვილმა უპასუხა:
"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა.
იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ არ მახსოვს, რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი. [...] მე მხოლოდ ვაფასებ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, სიწითლე რახან არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ის ჩემი შეფასების საგანი არ არის" - თქვა ექსპერტმა.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ არც ტკივილია დაზიანების ობიექტური ნიშანი და ამასაც ვერ შეაფასევდა თავად.
"სიწითლე მეც მაქვს ალბათ ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის გაურტყამს" - თქვა მან.
სხდომათა დარბაზში ტრადიციულად ისმის ამაღლობელის მხარდამჭერთა შეძახილები - "თავისუფლება მზიას", რომლებიც სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილები.
დღევანდელ პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი ანნა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი მარდისალუ კაჰარი და ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ესწრებიან.
8 მაისის სხდომაზე გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი, ირაკლი დგებუაძე, რომლისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





