წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგა.
პროკურორებმა მოსამართლე ზვიად შარაძეს მიმართეს და პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს. მომდევნო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება.
ზვიად შარაძემ ჯაფარიძის ადვოკატებს კიდევ ერთხელ უთხრა უარი, თეა წულუკიანის და კომისიის სხვა წევრების პროცესზე გამოკითხვასთან დაკავშირებით.
"მოწმედ უნდა დაკითხულიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მოითხოვეს ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, საქმის აღძვრა, ეს არის ბუნებრივი. მაგრამ პროკურატურამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ამას და შესაბამისად, სასამართლომაც დააკმაყოფილა. უნდა გვეკითხა, როგორ მოახერხეს, რომ ასე ფეხქვეშ გათელეს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, როდის ჩაატარეს სხდომა, რომლის თაობაზეც არ იცის იმ ადამიანმა, რომელსაც დაევალა ჩემი მიწვევა და ვერ გაიხსენა, ვინ უთხრა მას, რომ ჩემთვის გამოეგზავნა მიწვევა. ეს ხომ ელემენტარულია, თუკი გამოძიებაზეა საუბარი.
[...]
კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქართული ოცნება სრულად ფლობს და პრაქტიკულად პრივატიზაცია მოახდინა, პროკურატურის, სასამართლოსი და ქართული ოცნების წევრების მოწმედ გამოძახება ამ სასამართლოს პირობებში შეუძლებელია". - განაცხადა ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მომდევნო პროცესი 20 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. დღეს, 9 ივნისს ასევე გაიმართა ლელოს კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სასამართლო სხდომაც.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდეს. პოლიტიკოსმა გირაო გადაიხადა.





