ირანი აშშ-ს ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებებში საკუთარ წინადადებას წარუდგენს. ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ადასტურებს.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ირანმა უარყო აშშ-ს შეთავაზებული წინადადება. რეჟიმის ლიდერის, აიათოლა ხამენეის ტქმით, აშშ-ს წინადადება ირანის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას.
ცნობისთვის, ურანის გამდიდრების საკითხი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მთავარ უთანხმოების საბაბად რჩება. ხოლო ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირანისთვის ურანის გამდიდრება ბირთვული პროგრამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 ივნისს Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ამერიკა ირანს ურანის გამდიდრების პროგრამის სრულ განიარაღებას მოსთხოვს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მაისს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარდგენილი წინადადება ირანს ნებას რთავდა, დაბალ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობები შეენარჩუნებინა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუკი ირანი დათანხმდებოდა მიწისქვეშა ურანის გადამამუშავებელი ობიექტების დროებით დახურვაზე.
ტრამპის პოსტამდე გამოცემა Axios წერდა, რომ უიტკოფის ბოლო წინადადებით, ირანი შეზღუდული სახით დაბალი დონის ურანის გამდიდრების შესაძლებლობებს შეინარჩუნებდა.





