NBC News-თან სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკთან ურთიერთობების აღდგენა არ სურს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მასკი იმ დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს, რომლებიც სადავო საკანონმდებლო პაკეტს ეწინააღმდეგებიან, ამას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება.
სატელეფონო ინტერვიუში ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს შედეგებში, თუმცა აღნიშნა, რომ მასკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ მასკთან ურთიერთობა დასრულდა, ტრამპმა უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, კი.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა ტრამპსა და მასკს შორის თავდაპირველად უწყინარ უთანხმოებად აღიქმებოდა, გადასახადების შემცირებას და გარკვეულ სფეროებში (თავდაცვა, სასაზღვრო დაცვა) მთავრობის დანახარჯების ზრდას, ხოლო დანარჩენში (სუფთა ენერგია, ელექტრომობილების სუბსიდიები) – შემცირებას ითვალისწინებს.
დაპირისპირების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - "დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის





