ლიბერთი ბანკისა და სამთავრობო მედია იმედის მფლობელი, ირაკლი რუხაძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაზისბანკის მხრიდან ლიბერთი ბანკის შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რუხაძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები სხვა შედეგით დასრულდეს და ლიბერთი ბანკის გაყიდვაც გადაიფიქრონ.
"ველაპარაკებით ბაზისბანკს, მაგრამ არ დასრულებულა. იმასაც ვერ გეტყვით ზუსტად დასრულდება თუ როდის დასრულდება, უბრალოდ მიდის ლაპარაკი.
[...]
მთავარი, ვინც განიხილება არის ბაზისბანკი, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი სხვანაირად წავიდეს, ვიღაც სხვა გაჩნდეს ან საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ.
[..]
ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ ქართულ საბანკო სისტემაში და ვთამაშობთ იმ წესებით, რომლებიც დაგვიწესა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - ეროვნულმა ბანკმა. ამიტომ, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები გარდა იმისა, რომ გაჩნდება ძალიან საინტერესო ბანკი, მესამე ბანკი, რომელიც იქნება ბევრად დიდი, ვიდრე დღევანდელი მესამე ბანკია". - განაცხადა რუხაძემ TV პირველთან.
რაც შეეხება ჩინურ ინვესტიციას, რუხაძის თქმით, "ფულის შემოსვლა არ ნიშნავს ქვეყნის შემოსვლას". ბაზისბანკი ჩინური ჰუალინგ ჯგუფის წევრია.
რუხაძის თქმით, ლიბერთი ბანკის შესაძლო გაყიდვას კავშრი არ აქვს სანქციებთან.
"ჩვენი ყველა კომპანია იყიდება და მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში იმედია გამოვაცხადებთ, რომ რაღაც ახალს ვყიდულობთ საქართველოში. ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სანქციებთან. სანქციებზე ეს რაღაც ვითომ საფრთხე არსებობს დიდი ხანია და ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ვართ და ვიცით, როგორ მოვემზადოთ ამ საფრთხისთვის". - თქვა რუხაძემ.
4 ივნისს, BMG-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაზისბანკსა და ლიბერთი ბანკს შორის, გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.





