ირაკლი რუხაძე

რუხაძემ და პარტნიორებმა ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში $170-მილიონიანი დავა წააგეს

ირაკლი რუხაძე
იმედი

გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ინგლისისა და უელსის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც TV იმედის მფლობელს, ირაკლი რუხაძესა და სხვებს Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიებისთვის, Recovery Partners GP-ისთვისა და Revoker LLP-ისთვის ფინანსური ანაზღაურების გადახდას ავალდებულებდა. 

გადაწყვეტილების შედეგად, ირაკლი რუხაძესა და სხვებს კომპენსაციები დაეკისრათ, რომელთა მოცულობა 170 მილიონ დოლარს აღემატება. 

სასამართლო საქმე, ერთი მხრივ, Salford-ის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს - Recovery Partners GP Ltd. და Revoker LLP-სა და, მეორე მხრივ, TV იმედის მფლობელს, ირაკლი რუხაძესა და Revokers LLP-ის კიდევ ორ ყოფილ თანამშრომელსა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს შორის 170 მილიონზე მეტი დოლარის გამო მიმდინარეობდა. 

ორმა კომპანიამ სამი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ დავა 2016 წელს წამოიწყო. სასამართლომ დაადგინა, რომ თანამდებობიდან გადადგომით რუხაძემ, ალექსეევმა და მარსონმა კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულება დაარღვიეს. როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი რუხაძემ, ბენჯამინ მარსონმა და იგორ ალექსეევმა მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგეს, რათა Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორებოდნენ და აღნიშნული პროექტი მათივე დაფუძნებულ კომპანიას, Hunnewell Partners-ს მიეთვისებინა. 

საბოლოოდ, ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ Salford-ის მიერ დაფუძნებულ Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ს Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებულ პროექტებსა და შედეგად მიუღებელ მოგებაზე მოთხოვნის უფლება გააჩნიათ.

2022 წელს რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც საბოლოოდ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

ირაკლი რუხაძისა და მისი საინვესტიციო ჰოლდინგის, Hunnewell Partners-ის საკუთრებაშია საქართველოს სიდიდით მესამე ბანკი - ლიბერთი ბანკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, Stichting Media Finance International-ი, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანიების იმედისა და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელ ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს ფლობს, ასევე მის საკუთრებაშია მაგთიკომისა და ჰაიდელბერგცემენტის აქციები.


2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ, მის ქონებაზე პრეტენზია წამოაყენა და სხვადასხვა იურისდიქციაში სამართალწარმოება დაიწყო. 

პატარკაციშვილის აქტივების დაცვისა და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners Inc-ს მიანდო. 

ირაკლი რუხაძე ამ კომპანიაში წლების განმავლობაში მუშაობდა და კომპანიის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. 

2009 წელს აქტივების აღდგენისა და მოძიების მიზნით Salford-მა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP დააფუძნა, სადაც რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ. 

კომპანია სალფორდი 2001 წლიდან პატარკაციშვილის მრჩეველი იყო ბიზნესის საკითხებში.

3-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთის მხრივ Salford-სა და მეორეს მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც 2011 წელს მათი გაყრა მოჰყვა. ირაკლი რუხაძის, ბენ მარსონის და იგორ ალექსეევის ქმედებების შედეგად, Salfordის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების საქმეს ჩამოშორდნენ, პროექტი კი მათ მიერვე დაარსებულმა კომპანიამ Hunnewell Partners-მა მიითვისა, განახორციელა და შესაბამისი მოგება და აქტივებიც მიიღო.

2018 წლის ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუხაძემ, ალექსეევმა და მარსონმა კომერციული შეთქმულება ჩაიდინეს, რის შედეგადაც კომპანია Salford-ის მიერ დაფუძნებულმა ფირმებმა გამზადებული მილიარდიანი პროექტის შესრულების შესაძლებლობა დაკარგეს. როგორც მოსამართლე სარა ქოქერილმა დაადგინა, კომერციული შეთქმულების პროცესში მონაწილეებმა ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულება სერიოზულად დაარღვიეს, Salford-მა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა და ის რუხაძის Hunnewell Partners-მა მიითვისა. 

ბრიტანული სასამართლოს თანახმად, Salford-ის მიერ დაფუძნებულ ფირმებს Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებული პროექტებისა და ამის შედეგად მიუღებელ მოგებაზე მოთხოვნის სრული უფლება აქვთ. 

2019 წელს კომპენსაციის ფორმაც განისაზღვრა - მოსარჩელეებმა ასეთად აირჩიეს მოპასუხეების მიერ ფიდუციარული ვალდებულებების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი დამატებითი მიღებული მოგების ანაზღაურება. 

ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2021 წლის აგვისტოში ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, TV იმედისა და GDS-ის მფლობელი კომპანია - Stitching Media Finance International დაყადაღდა. სასამართლოს თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომა იყო, რათა მოპასუხეებს ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კომპანიის წილები არ გაესხვისებინათ. 

კომენტარები