ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 4 ივნისს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, სერგეი შოიგუს შეხვდა და მას უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეა "უპირობო მხარდაჭერას" გაუწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 5 ივნისს გაავრცელა.
სამთავრობო მედია KCNA-ს მიხედვით, შეხვედრაზე კიმმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეა "უპირობოდ უჭერს მხარს რუსეთის პოზიციას და მის საგარეო პოლიტიკას ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, მათ შორის, უკრაინის საკითხშიც".
ჩრდილოკორეული მედიის მიხედვით, შოიგუმ და კიმმა ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიული პარტნიორობის" გაძლიერებაზე ილაპარაკეს და უკრაინის საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს.
თავის მხრივ, რუსეთის სამთავრობო მედია TASS-მა დაწერა, რომ შოიგუმ და კიმმა ასევე განიხილეს კურსკის ოლქის აღდგენის გეგმები და განსაზღვრეს შესაბამისი ნაბიჯები კურსკში ჩრდილოკორეელი სამხედროების დამსახურების აღსანიშნავად.
რუსულმა მხარემ 2025 წლის აპრილში განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე კონტროლი სრულად დაიბრუნეს, თუმცა უკრაინის თქმით, კურსკში სამხედროები კვლავ იმყოფებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ 31 მაისს გაიმეორა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ტერიტორიებს კვლავ აკონტროლებენ.
ორი ქვეყანა ერთმანეთთან რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო დაახლოვდა. ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ.
30 აპრილს სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რუსეთის მხარეს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული, ხოლო დაღუპულების ჩათვლით, ჯამში 4700 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაშავდა.
ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 000-12 000 სამხედრო გაგზავნა, თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა - მარტში სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ფხენიანმა რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ასევე გაგზავნა დაახლოებით 15 000 პირი, რომლებიც რუსეთში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის პროგრამების საფუძველზე დასაქმდებიან.





