MEGOBARI აქტი

შაჰინი: ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ ოცნების კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა

ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი და MEGOBARI აქტის ერთ-ერთი თანაავტორი, ჯინ შაჰინი ქართული ოცნების გეგმის, კომუნიკაციების კომისიის ტვ პირველის, ფორმულასა და მთავარი არხის სამიზნეში ამოსაღებად გამოყენების ფონზე განცხადებას ავრცელებს.

შაჰინის თქმით, რეალური ინფორმაციის წინააღმდეგ ქართული ოცნების კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა და მათ შორის, ამის გამო სენატმა ორპარტიული MEGOBARI აქტი უნდა მიიღოს.

"დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც ქართული ოცნების მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთებები გააჩინა, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც ქართულ ოცნებას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საჩივრები შეაქვს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში – ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა თავად კითხვის ქვეშაა – ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით. ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ ქართული ოცნების კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI აქტი, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქართული ოცნების ანგარიშვალდებულად დაყენებას ნიშნავს პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის". - წერს შაჰინი.

ქართული ოცნება ტვ პირველს, ფორმულასა და მთავარ არხს მაუწყებლობის შესახებ "კანონის დარღვევის გამო" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის.


5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

კომენტარები