სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტი აქტივისტების, თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას და 12 დღიანი პატიმრობის მინიჭებას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტ აქტივისტ თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს - ლაშხისთვის "შეურაცხყოფის მიყენებისთვის" სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა ასევე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, "პატიმრობა უკიდურესი ფორმაა, თუმცა ამავე დროს, არ შეიძლება რამე გამართლება ჰქონდეს შვილებისა და არასრულწლოვნების თანდასწრებით ასეთ ქცევას და ქმედებას"
"პატიმრობა, მართლაც უკიდურესი ფორმაა - პატიმრობამდე ბევრი სხვა შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება ადამიანის მიმართ იყოს გამოყენებული - ამიტომ, ამ მიმართებით მე ჰუმანური მიდგომის მომხრე ვარ - ამავე დროს, არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს შვილებისა და არასრულწლოვანების თანდასწრებით ისეთ ქცევას და ისეთი ტიპის მოქმედებას, როგორიც ჩვენ ვიხილეთ.
არ აქვს მნიშვნელობა, დეპუტატის შვილები არიან თუ რიგითი ადამიანების. ნამდვილად, არცერთ არასრულწლოვანს, არც ერთ ბავშვს არ დაუმსახურებია ასეთ სტრესულ გარემოში ყოფნა იმიტომ, რომ ვიღაცას მისი დედა ან მამა არ მოსწონს. ეს უნდა გავყოთ. ყველას მოვუწოდებ, რომ ნათელი ხაზი გაავლონ პოლიტიკურ აქტივობასა თუ საქმიანობასა და იმ სივრცეს შორის, სადაც ესა თუ ის საჯარო პირი ოჯახის წევრებთან იმყოფება. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებსა და არასრულწლოვანებს ეხება". - თქვა ლევან იოსელიანმა, IPN-ის ცნობით.





