1-ელ ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც, ამჟამინდელი ცნობებით, განადგურებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი.
ამასთანავე, გამოცემა Axios უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დაგეგმილი იერიშის შესახებ წინასწარ არ აცნობა.
მანამდე, გამოცემა შეცდომით წერდა, რომ იერიშის შესახებ უკრაინულმა მხარემ ტრამპის ადმინისტრაციას წინასწარ შეატყობინა. Axios-ის ჟურნალისტის, ბარაკ რავიდის თქმით, თავდაპირველ ვერსიაში ტიპოგრაფიული შეცდომა იყო.
გამოცემა CBS News ასევე წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროების თქმით, თეთრი სახლი იერიშის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, ხოლო თეთრი სახლის სპიკერმა იერიშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
უკრაინული მხარის ცნობით, ოპერაციას წელიწად-ნახევრის განმავლობაში გეგმავდნენ და მას ზედამხედველობას ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უწევდა.
წყაროების ცნობით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში საიდუმლოდ ჯერ დრონები, შემდეგ კი ხის სახლებიშეიტანა.
რუსეთის ტერიტორიაზე წარმატებით შეტანის შემდეგ დრონები აღნიშნული სახლებში დამალეს, თავად სახლები კი სატვირთოებზე მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის დაწყებამდე სახურავები დისტანციურად გაიღო, რის შემდეგაც დრონები აფრინდნენ და ახლომდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომებს დაარტყეს.





