გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის პოსტზე საამიროების კანდიდატი წარადგინეს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი, შაიხა ალ ნოვაისი წარადგინა, რომელიც, სავარაუდოდ, ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს.

გადაწყვეტილება მადრიდში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 123-ე სესიის ფარგლებში მიიღეს.

თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე ნოვაისის კანდიდატურას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უყრიან კენჭს და დამტკიცების შემთხვევაში ის პირველი ქალი გახდება, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოვაისი Rotana Hotels Group-ის მფლობელის შვილია.

ტურისტული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პირველ ეტაპზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა, რომელიც კონკურენტუნარიანად არ მიიჩნეოდა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რის შემდეგაც მეორე ტური არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საბერძნეთს შორის გაიმართა.

მეორე ტურში ნოვაისმა 24, ხოლო საბერძნეთის წარმომადგენელმა 11 ხმა მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.

ცნობისთვის, 13 მაისს ონლაინ გამოცემა The Diplomat წერდა, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანიშვილის რეჟიმი სავარაუდოდ აპირებდა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევას მხარი არ დაეჭირა.

ონლაინ მედიის მიხედვით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.

კომენტარები