უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის სტამბოლში, რუსეთთან მოლაპარაკებებში კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა.
"უკრაინა მზად არის დაესწროს შემდეგ შეხვედრას, თუმცა ჩვენ გვინდა ჩავერთოთ კონსტრუქციულ დისკუსიაში. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მივიღოთ რუსეთის დრაფტი" – ამბობს ერმაკი.
ლავროვმა უკრაინას 2 ივნისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს.
ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებზე იგივე იქნება, რაც 16 მაისს იყო.
16 მაისს გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.





