აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა არ დაესხას თავს ირანს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის მცდელობას.
"მე მას ვუთხარი, რომ ახლა ამის გაკეთება შეუფერებელი იქნებოდა, რადგან საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ. ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს – შეიძლება ერთი სატელეფონო ზარით შეიცვალოს, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურთ". - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა "მომდევნო რამდენიმე კვირაში" იქნება შესაძლებელი. მისი შეფასებით, გასულ კვირებში მოლაპარაკებები პროგრესით წარიმართა.
აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ ნეთანიაჰუ ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავდა.





