დავით მჟავანაძე არის პარტია ახალის წევრი.
თითქმის ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციაში 6-წლიანი მუშაობისა და ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში გატარებული სემესტრის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და პოლიტიკაში ოფიციალურად ჩავერთე, როგორც პარტია “ახალის” წევრი.
ალბათ ბევრს ჰგონია, რომ პარტიულ პოლიტიკაში ყოფნა კომფორტული საოფისე სამსახურია, რა დროსაც გარანტირებულად გაქვს მედიაგაშუქება, მაღალი ხელფასი და პიჯაკების მრავალფეროვანი კოლექცია, თუმცა რეალობა ამისგან სრულად განსხვავებულია.
ივანიშვილის მიერ შექმნილ ავტოკრატიულ სისტემაში ფაქტობრივად შეუძლებელია პოლიტიკური პარტიის ნორმალურ პირობებში ფუნქციონირება. პარტიის წევრები მუდმივად არიან რეჟიმისგან ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ, გარანტირებულად ისმინება მათი კომუნიკაციები, პირადი ცხოვრება, ხოლო ფინანსური სტაბილურობის მიღწევა კი - შეუძლებელი ამოცანაა.
ამ გარემოებების მიუხედავად, არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც პარტიულ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას იღებენ. მნიშვნელოვანია, ასეთ ახალგაზრდებს ესმოდეთ, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ არის კომერციული საქმიანობა. არამედ, პოლიტიკაში ყოფნა ძალიან ჰგავს “მსახურებას”, მსახურებას საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. მიზანი, რომ მოიპოვო ძალაუფლება და განავრცო შენი გავლენა, სწორედ ამ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც პარტიები სხვადასხვა პოლიტიკურ ტაქტიკებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
პოლიტიკით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა მუდმივ კონკურენციაში ყოფნასაც გულისხმობს. კონკურენციას როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვა პარტიის წარმომადგენლებთან, რა დროსაც საჭიროა იმაზე მეტი მონდომება, აქტიურობა და საკუთარ თავზე მუშაობა, ვიდრე ეს სხვა ნორმალურ პირობებში დაგჭირდებოდა.
ამიტომაც, სწორი მოლოდინების არსებობა და მოთმინებით დასახული მიზნისკენ სვლა ის აუცილებელი კომპონენტებია, რომელთა გარეშეც პარტიულ პოლიტიკაში ყოფნა უფრო მეტად სტრესისა და ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე პირიქით.
მიტანის სერვისზე მუშაობა
მახსოვს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან წამოსვლისა და პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მივიღე, ამას წინ უძღვოდა შფოთვის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კონსულტაციებისა და შესაძლო რისკების აწონ-დაწონვის ხანგრძლივი პროცესი.
საბოლოოდ, გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების სასარგებლოდ მივიღე, რომელსაც არცერთი წამით არ ვნანობ და ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო.
მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სირთულეები მომენტალურად ახლდა თან, კერძოდ: მაგ დროისთვის ოჯახური პირობების გამო, ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი, რის გამოც მიტანის სერვისის აპლიკაცია გადმოვწერე და რაღაც პერიოდი ეს იყო ჩემი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ შეკვეთის მიტანის დროს ვინმე ნაცნობი არ შემხვედროდა და მასთან ახსნა-განმარტებების გაკეთება არ დამჭირვებოდა. ჩემი ამ მდგომარეობის შესახებ ადამიანების ძალიან ვიწრო წრემ იცოდა და ეს საჯაროდ სალაპარაკო თემა, ცხადია, არასდროს გამხდარა.
ეს ყველაფერი კი იმის პარალელურად ხდებოდა, რომ პარტიას და ჩვენს პოლიტიკურ იდენტობას ვაშენებდით, ჩართული ვიყავი მასობრივ საპროტესტო აქციებში (რუსული კანონის მეორედ შემობრუნების დროს) და ვცდილობდი ჩემი თავისგან რელევანტური პოლიტიკური პროდუქტის შექმნას.
მახსოვს დღეები, როდესაც ჯერ პარტიის ოფისში მივსულვარ, სადაც ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს დავსწრებივარ, შემდეგ მიტანის სერვისი ჩამირთავს და რამდენიმე შეკვეთა გამიკეთებია, ხოლო გვიან საღამოს აქციაზე ვიდექი, სადაც დემონსტრანტებს ფიზიკურად გვისწორდებოდნენ. აქციიდან სახლში წასულს კი გზაში, შეკვეთების მიტანის დროს მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ჯარიმა დამწევია და იმ დღეს გამომუშავებული თანხა მთლიანად ჯარიმის გადახდას მოხმარებია.
ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად მძიმე ასატანი იყო და მახსოვს შფოთვა, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით გაათმაგებული მქონდა. თუმცა, მე გააზრებული მქონდა, რომ ეს იყო შემადგენელი ნაწილი იმ გადაწყვეტილებისა, რაც მე მივიღე და თანხვედრაში იყო იმ მოლოდინებთან, რაც მანამდე მქონდა. ვიცოდი, რომ მოთმინებითა და სიმტკიცით უნდა ამეტანა ეს მდგომარეობა, ვინაიდან როგორც ვთქვი, პოლიტიკაში ყოფნა მსახურებაა დიადი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ და არა გზა უცაბედი გამდიდრებისკენ.
დეცენტრალიზაციისა და კოალიციის არქონა
პოლიტიკაში ახალი ხალხის ჩართულობას მნიშვნელოვნად აბრკოლებს ის სახელმწიფო პოლიტიკური სისტემაც, რაც საქართველოში არსებობს, რა დროსაც მოგებულს მიაქვს ყველაფერი და არ ხდება ძალაუფლების გაზიარება. ამ სისტემაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებისთვის, შეუძლებელია საჯარო მმართველობაში მონაწილეობა. მათი წარმომადგენლობა საკრებულოებში თუ პარლამენტში ფორმალურ ხასიათს ატარებს და ამას რეალური საჯარო მმართველობის გამოცდილება არ მოაქვს.
რეალური დეცენტრალიზაციისა და კოალიციური თანამშრომლობის სისტემურად უზრუნველყოფის პირობებში, მრავალბევრ ქალაქში, მუნიციპალიტეტში და ცენტრალურ ხელისუფლებაში გაჩნდებოდა ახალი პოლიტიკური ლიდერები. ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა, პოლიტიკაში ბედი ეცადათ და წარმატების შემთხვევაში კონკრეტული საჯარო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღოთ.
მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, ისიც რომ ქართული პოლიტიკური პარტიები ხშირად მოკლებულნი არიან რეალურ შიდა დემოკრატიას და იქ ისევე ძლიერია არაფორმალური, კლანური და კორუფციული სისტემა, როგორც ეს ქართულ ოცნებაში და მათ შექმნილ მახინჯ სისტემაშია.
თუკი გადავხედავთ არსებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, აღმოვაჩენთ, რომ მათი დიდი ნაწილი კონკრეტული ლიდერის/ბელადის გარშემო არსებული გაერთიანებებია, სადაც პოლიტიკაში ყოფნის არაჯანსაღი და კორუფციული იმპულსები უფრო სჭარბობს, ვიდრე საჯარო ინტერესის მსახურებისა და სისტემის დემოკრატიზაციის სურვილის.
ამ პარტიებში არ არსებობს შიდა დემოკრატიული მექანიზმები, სადაც პარტიის რიგით წევრს თუ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს ექნება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, წარმატების მოპოვებისა და პარტიულ პოლიტიკაში დაწინაურების შანსი. ეს კი ახალგაზრდებისთვის უკარგავს მიმზიდველობას პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას, საზოგადოებაში აღვივებს ნიჰილიზმს ზოგადად პოლიტიკური სპექტრის მიმართ და ხშირად ეს არსებული სტატუსკვოს მხარდაჭერის მიზეზიც ხდება, რითაც ივანიშვილის ავტორიტარიზმი საკმაოდ ხეირობს.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ საკითხზე მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდამ და ივანიშვილის რეჟიმის ნამდვილი სახის გამოჩენამ, საზოგადოებაში დაკვეთა გააჩინა პოლიტიკური პარტიების მეტად დემოკრატიზაციისა და “ქვევიდან ზევით” მართვის მოდელის დანერგვაზე, რასაც პარტიების გარკვეული ნაწილი ადეკვატურად პასუხობს კიდეც. მათ შორის, მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პარტია სწორედ ამგვარი მოდელის დამკვიდრებასა და სისტემატიზაციას აქტიურად ახორციელებს.
პოლიტიკიდან “ძველები” უნდა გაიწიონ
ხშირად მომისმენია ფრაზა, რომ პოლიტიკიდან ე.წ ძველები უნდა გაიწიონ და ახალ ხალხს გზა დაუთმონ. თუკი ამ გამონათქვამში იგულისხმება ის, რომ პარტიულ პოლიტიკაში ხანგრძლივი ვადით მყოფმა ადამიანებმა მათი გავლენა და პოზიცია ბოროტად არ უნდა გამოიყენონ და ჯანსაღი კონკურენცია და ახალი ხალხის პოლიტიკაში შემოდინება არ შეაფერხონ, მაშინ მე მას აბსოლუტურად ვიზიარებ და სწორედ ამას ვგულისხმობდი შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებაში.
თუმცა, თუკი “ძველების პოლიტიკიდან გაწევაში” იგულისხმება, რომ პოლიტიკაში ხანგრძლივად მყოფი პირები უნდა “ჩამოიწეროს” და მათი ადგილი ახალმა სახეებმა დაიკავოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ახლები, ახალგაზრდები ან რაიმე სხვა ნიშნით განსხვავებულები არიან, მაშინ მე არ მოსაზრებას არ ვეთანხმები და გეტყვით, რატომ:
პირველ რიგში, საკითხავია, ვინ მიიჩნევა პოლიტიკაში ძველად? დაკავშირებულია ის ასაკთან, ზოგადად პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივობასთან, საჯარო თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობასთან თუ სხვა.
ნებისმიერ შემთხვევაში ხელაღებით ვერავის “ჩამოწერა” ვერ მოხდება და ყველა ე.წ ძველს, ვისაც გარკვეული სტატუსი და გავლენა აქვს პოლიტიკაში, სავარაუდოა, რომ ეს ხალხის მხარდაჭერისა და ნდობის გამო აქვს. თუ მისი პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ რაღაც კლანის ან ბელადის ლეგიტიმაციითა განმტკიცებული, მაშინ მე მჯერა, რომ ასეთი ადამიანის პოლიტიკაში ყოფნას დიდი დრო არ უწერია და მონდომების შემთხვევაში მისი ჩანაცვლება შესაძლებელია.
სამწუხაროდ, ხშირად ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტეს, ყველა მანამდე არსებული პოლიტიკური ლიდერი პენსიაში წავა და მათ ავტომატურად გადაულოცავს პარტიულ პოზიციებს.
რეალობაში ეს ამგვარად არ ხდება და პოლიტიკაში შენი ადგილის დასამკვიდრებლად აუცილებელია ამ “ძველებთან” ერთის მხრივ იმეგობრო, ითანამშრომლო და მათი დაგროვილი გამოცდილების შესახებ მეტი გაიგო, ხოლო მეორეს მხრივ, შენ თავად უნდა გახდე მათზე უკეთესი, რელევანტური, აქტიური და მოთხოვნადი პოლიტიკაში, რაც პოლიტიკური განახლებისა და შენს მიერ უფრო მეტი გავლენის მოპოვების წინაპირობა გახდება.
ცხადია, ისეთი შემთხვევაც არაერთი იქნება, როდესაც შეეცდებიან არაკეთილსინდისიერი მეთოდებით დააბრკოლონ შენი პოლიტიკური წინსვლა და წარმატება, თუმცა ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ, არასდროს და არსად არ არის, ხოლო აქედან გამოსავალი მათი მხილება და დასახული მიზნისკენ ჯიუტად სვლის გაგრძელებაა.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი, მისი რეპრესიული ბუნება და მისგან მომავალი საფრთხეები მრავალ ახალგაზრდას პოლიტიკაში ჩართვისგან თავშეკავებისკენ უბიძგებს. მეორეს მხრივ კი, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის არადემოკრატიული ბუნება და იქ არსებული არაჯანსაღი იმპულსები, პოლიტიკას კიდევ უფრო არამიმზიდველს ხდის და დიდწილად სტატუსკვოს ჩაბეტონებას ემსახურება.
მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დემოკრატიზაციის დაკვეთა გაჩნდა, რაც პოლიტიკურ პარტიებსაც მიემართებათ და რასაც ზოგიერთი მათგანი ადეკვატურად პასუხობს კიდეც, თუმცა ეს ჯერჯერობით საკმარისი არ არის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სწორი მოლოდინები ჰქონდეთ და სწორად ესმოდეთ პოლიტიკის, როგორც მსახურებისა და გარკვეულწილად პირადი ინტერესების მსხვერპლშეწირვის არსი. თუმცა, რამდენადაც რთულია ამ გზის გავლა, იმდენად სასიამოვნოა განცდა იმისა თუ როგორ ცვლი შენი თემის, ქალაქის, ქვეყნის ცხოვრებას უკეთესობისკენ და როგორ ემსახურება შენი პოლიტიკური ძალაუფლება საზოგადოების კეთილდღეობას, დაცულობასა და განვითარებას.




