რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მერცმა განმარტა, რომ კიევს შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა თვეების წინ მოეხსნა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
Maja Hitij/Getty Images

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განმარტა, რომ მის მიერ 26 მაისს გაკეთებული კომენტარი დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ რამდენიმე თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას მიემართებოდა და არა უკრაინის მოკავშირეების რაიმე ახალ ნაბიჯს. 

"[უკრაინისთვის] გადაცემულ იარაღზე [იერიშების] რადიუსის შეზღუდვამ როლი ითამაშა რამდენიმე თვისა და რამდენიმე წლის წინ. როგორც ვიცი და როგორც გუშინ ვთქვი, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც რადიუსის შეზღუდვა ჰქონდათ დაწესებული, დიდი ხანია, ეს მოთხოვნები გააუქმეს". - თქვა გერმანიის კანცლერმა ფინეთის პრემიერმინისტრთან ერთად ტურკუში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

"შესაბამისად, გუშინ ბერლინში საუბრისას მე აღვწერე რაღაც, რაც უკვე თვეებია, ხდება: სახელდობრ, ის, რომ უკრაინას უფლება აქვს, გამოიყენოს იარაღი, რომელსაც იღებს – საზღვრის იქითაც კი, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ". - განმარტა მერცმა. 

მერცმა 26 მაისს გერმანული ტელევიზია WDR-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა აღარ ჰქონდა "არც ბრიტანელებისგან, არც ფრანგებისგან, არც ჩვენგან და არც ამერიკელებისგან". 

"ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ახლა შეუძლია, თავი დაიცვას რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმითაც კი, მაგალითად. ცოტა ხნის წინ მას ამის გაკეთება არ შეეძლო, მცირე გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა". - თქვა გერმანიის კანცლერმა. 

თუმცაღა საუბრისას გერმანიის კანცლერმა არ დააკონკრეტა, ბაიდენის ადმინისტრაციისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების მიერ შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე გასული წლის ნოემბერში მოხსნილ შეზღუდვაზე საუბრობდა თუ ახალ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საჯაროდ გამოცხადებული არ იყო. 

უკრაინას აშშ-სგან, გაერთიანებული სამეფოსგან და საფრანგეთისგან შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები მიუღია, მათ შორის, ATACMS, Storm Shadow და SCALP ტიპის სისტემები, თუმცა თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ მათი გამოყენება უკრაინას მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეეძლო. 

2024 წლის ნოემბერში აშშ-ს ბაიდენის ადმინისტრაციამ და გაერთიანებულმა სამეფომ კიევს ATACMS და Storm Shadow სისტემებით საზღვრის სიახლოვეს მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე შორი რადიუსის იერიშების მიტანის ნება დართეს. 

კომენტარები