ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა აღარ აქვს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გერმანული ტელევიზია WDR-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა.
"უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე რადიუსის შეზღუდვები აღარ არის. არც ბრიტანელებისგან, არც ფრანგებისგან, არც ჩვენგან და არც ამერიკელებისგან.
ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ახლა შეუძლია, თავი დაიცვას რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმითაც კი, მაგალითად. ცოტა ხნის წინ მას ამის გაკეთება არ შეეძლო, მცირე გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა". - თქვა გერმანიის კანცლერმა.
უკრაინას აშშ-სგან, გაერთიანებული სამეფოსგან და საფრანგეთისგან შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები მიუღია, მათ შორის, ATACMS, Storm Shadow და SCALP ტიპის სისტემები, თუმცა თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ მათი გამოყენება უკრაინას მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეეძლო.
2024 წლის ნოემბერში აშშ-ს ბაიდენის ადმინისტრაციამ და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ATACMS და Storm Shadow სისტემებით საზღვრის სიახლოვეს მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე შორი რადიუსის იერიშების მიტანის ნება დართეს.
თუმცაღა, ფორუმზე საუბრისას მერცს არ დაუკონკრეტებია, ნოემბერში ბაიდენის ადმინისტრაციისა და მოკავშირეების მიერ მოხსნილ შეზღუდვაზე საუბრობდა თუ ახალ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საჯაროდ ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.
გერმანიის კანცლერმა საუბრისას ასევე გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ უკრაინა პარტნიორებისგან მიღებულ შეიარაღებას რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის იყენებს, ხოლო რუსეთი, ამის საპირისპიროდ, უკრაინულ "ქალაქებზე, საბავშვო ბაღებზე, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებზე" თავდასხმას განაგრძობს.
კანცლერად არჩევამდე მერცი ამბობდა, რომ უკრაინისთვის გერმანული, Taurus-ის ტიპის საკრუიზო რაკეტების გადაცემაზე საკუთარი წინამორბედის, ოლაფ შოლცის მიერ დაწესებულ შეზღუდვას მოხსნიდა. კანცლერის რანგში მერცს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია იმის შესახებ, აპირებს თუ არა Taurus-ების მიწოდებას კიევისთვის.





