ტრამპის ტარიფები

ტრამპმა EU-ზე 1-ელ ივნისს 50%-იანი ტარიფის დაწესება გადაიფიქრა და 9 ივლისამდე გადადო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირისთვის 1-ელ ივნისს 50%-იანი ტარიფის დაწესება გადაიფიქრა და ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევის საბოლოო ვადად კვლავ 9 ივლისი დათქვა. 

ტრამპის გადაწყვეტილების ფონზე, 26 მაისს ევროპული აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ევრო  30 აპრილის შემდეგ დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად გამყარდა. 

ტრამპმა 23 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, რომელიც ძალაში 1-ელ ივნისს შევიდოდა. აშშ-ს პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ბლოკთან მოლაპარაკებების პროცესზე და ამბობდა, რომ მოლაპარაკებები საკმარისად სწრაფად და შედეგიანად არ მიმდინარეობდა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ევროკავშირისთვის ახალი ტარიფების დაწესება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 მაისს უთხრა, რომ ბლოკს მეტი დრო სჭირდებოდა ვაშინგტონთან შეთანხმების მისაღწევად. 

ფონ დერ ლაიენმა ტრამპს სატელეფონო ზარის დროს სთხოვა, რომ ახალი ტარიფების დაწესება 9 ივლისამდე, დასაწყისშივე დათქმული ვადის ბოლომდე გადაედო.

"საპასუხო" ტარიფები, რომელთა დაწესებაც აშშ-ს უახლოეს სავაჭრო პარტნიორებზე, მათ შორის, ევროკავშირზეც, ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, ძალაში 10 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა, რათა ამ დროის განმავლობაში ქვეყნებს ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებისთვის მიეღწიათ. 

"ჩვენ ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა და შევთანხმდით, რომ [ტარიფების დაწესება] გადავდოთ. [ფონ დერ ლაიენმა] თქვა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია". - თქვა ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას 25 მაისს. 

თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა X-ზე დაპოსტა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "კარგი სატელეფონო საუბარი" ჰქონდა და რომ ევროკავშირი სწრაფი ქმედებისთვის მზად არის. 

"ევროპა მზადაა, მოლაპარაკებები სწრაფად და ეფექტურად წაიყვანოს წინ. კარგი შეთანხმების მისაღწევად ჩვენ 9 ივლისამდე გვჭირდება დრო". - დაწერა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის აპრილის დასაწყისში დაწესებული 90-დღიანი ვადა, რომელიც 9 ივლისს უნდა დასრულებულიყო, 23 მაისს თავად ტრამპმა დაარღვია, როდესაც განაცხადა, რომ გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო ბლოკთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევა მის ინტერესებში აღარ იყო. 

როგორც საკითხზე ინფორმირებული წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, მოლაპარაკებებზე, რომლითაც ტრამპი უკმაყოფილოა, ვაშინგტონი ბრიუსელისგან ცალმხრივ დათმობებს მოითხოვდა, რის საპირისპიროდაც ევროკავშირი ორივე მხარისთვის მომგებიან გამოსავალს ეძებდა. წყაროების ცნობით, სწორედ ყოველივე ამან გამოიწვია მოლაპარაკებების დროში გაწელვა. 

ევროკავშირს აშშ-სგან უკვე დაწესებული აქვს 25%-იანი ტარიფი ფოლადის, ალუმინისა და ავტომობილების ექსპორტზე; ამასთან, აპრილში გამოცხადებული "საპასუხო" 10%-იანი ტარიფი, რომელიც 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ 20%-მდე უნდა გაზრდილიყო. 

კომენტარები