რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, საგარეოთა საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცენ ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო წინაპირობების სია მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულდება.
ლავროვის თქმით, ამჟამად მოსკოვი "აქტიურად მუშაობს" აღნიშნული სიის შემუშავებაზე.
"როგორც კი პატიმრების გაცვლა დასრულდება, ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინული მხარისთვის დოკუმენტის მონახაზის გადასაცემად, რომლის შემუშავებასაც რუსული მხარე ახლა ასრულებს," თქვა ლავროვმა.
23 მაისს უკრაინამ და რუსეთმა 23 მაისს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა დაიწყეს 2014 წელს ომის დაწყების შემდეგ. მანამდე, 16 მაისს, მხარეები სტამბოლში გამართულ პირდაპირ მოლაპარაკებებზე ჯამში 1000 ომის პატიმრის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ პატიმართა გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში 390 უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს.
"ჩვენს ხალხს სახლში ვაბრუნებთ. [ტყვეების] '1000-1000-ზე' გაცვლის შეთანხმების პირველი ფაზა შედგა. დღეს - 390 ადამიანი. შაბათსა და კვირას გაცვლა გაგრძელდება." - დაწერა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გაცვლის პირველი ფაზით რუსეთში 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დაბრუნდა.
ამას გარდა, რუსეთი ცალკე ამზადებს "სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებაზე მემორანდუმს," რომელიც პირველად ვლადიმირ პუტინმა 19 მაისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ახსენა.