რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი 1000-1000 ფორმატის გაცვლაზე: რუსეთის სიაში წარდგენილებზე დეტალებს ვაზუსტებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი
ზელენსკის ადმინისტრაცია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან 1000 1000-ის სანაცვლოდ გაცვლის ფორმატის ფარგლებში სხდომა გამართა. მისი თქმით, უკრაინა შეისწავლის ადამიანთა სიას, რომელიც რუსული მხარისგან მიიღეს.

"ჩავატარე შეხვედრა ტყვეების გაცვლის მოსამზადებლად. შეთანხმება, რუსული ტყვეობიდან ჩვენი 1000 ადამიანის გათავისუფლებაზე, თურქეთში გამართული შეხვედრების, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალური შედეგია. ვმუშაობთ ამ შედეგის მისაღწევად... ვაზუსტებთ დეტალებს ყოველ ადამიანზე, რომელიც სიაში რუსეთის მხარის მიერაა წარმოდგენილი" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ზელენსკის თქმით, სხდომას ესწრებოდნენ სამხედრო დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო დაზვერვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და უმაღლესი რადის წარმომადგენლები ადამიანის უფლებებში.

ზელენსკის თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი დავალება რუსეთის ტყვეობიდან "საკუთარი ხალხის" გათავისუფლებაა.

პარალელურად, 1000-1000-ის გაცვლის ფორმატზე კომენტარი გააკეთა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც და თქვა, რომ "შრომატევადი" სამუშაო კვლავ მიმდინარეობს, თუმცა "ოპერატიულად".

"ეს საკითხი საკმაოდ შრომატევადია. იქ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული სახელების გაცვლაზე. რადგან საუბარი 1000 1000-ის სანაცვლოდ გაცვლაზე, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. ეს სამუშაო გრძელდება, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, საკმაოდ ოპერატიულად მიმდინარეობს. ყველა დაინტერესებულია იმით, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს." - თქვა პესკოვმა.

სტამბოლში 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000 სამხედრო ტყვის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ამავე დღეს უკრაინელებმა დაიწყეს მუშაობა იმ ადამიანთა სიაზე, რომელთა რუსული ტყვეობიდან დახსნაც სურთ.

გასულ დღეებში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა ივარაუდა, რომ გაცვლა მომდევნო კვირას გაიმართება.

კომენტარები