რეჟიმის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის განცხადებით, ონისემ პატიმრების სახელით გავრცელებული წერილის შინაარსთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.
მისი თქმით, მისმა ძმამ მას შემდეგ დაურეკა რაც ციხეში, ტელევიზიით კობახიძის განცხადება მოისმინა. როგორც ონისე ცხადაძემ ძმას უთხრა, მან მხოლოდ ის იცოდა, რომ წერილი 26 მაისს დაგეგმილ აქციას შეეხებოდა.
როგორც სანდრო ცხადაძე ამბობს, საღამოს რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
"ჩემმა ძმამ დამირეკა იმიტომ, რომ ნახა კობახიძის განცხადება, მანამდე არაფერი არ იცოდა საერთოდ. საღამოს განცხადებასაც გავაკეთებთ ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა, რაც ვიფიქრეთ, სიმართლე ის არის, რომ ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილები და აქვთ ნათქვამი, რომ 26 მაისს რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს, ამისთვის რაღაც წერილი კეთდება თითქოს და შესაბამისად მეტი არაფერი, არც დეტალები იცოდა ონისემ. არც იფიქრებდა ალბათ, რომ სხვა პოლიტპატიმრისგან ასეთ რაღაც მინიმუმ გაუგებრობაში ამოყოფდა თავს.
ყველა ერთად გავაკეთებთ კიდევ საღამოს განცხადებას და უფრო მეტ სიმართლეს ვიტყვით და უფრო მეტს, რაც საჭიროა. ამ ეტაპზე კოორდინაციის პირობებში ვართ. რა თქმა უნდა, პატიმრებს არც სურვილი აქვთ და არც რაიმე ბერკეტი, რომ ვინმეს რაიმეთი მოუწოდონ და შეაცვლევინონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომელიც ბანერით გამოვიდნენ, რომელიმე დღეს, რომელიმე აქციაზე. შესაბამისად, ბიჭების გამოყენება ასე ვერ მოხდება და საღამოს კიდევ დამატებით ინფორმაციას გეტყვით" - ამბობს რეჟიმის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე პატიმრების სახელით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით.
ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, ციხეში რეჟიმის ერთ-ერთი პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე მოინახულა, რომელმაც დაუდასტურა, რომ 20 მაისს სოციალურ ქსელში რეჟიმის პატიმრების სახელით გავრცელებული განცხადების ტექსტი მისი დაწერილია, რომელიც სხვა პატიმრებსაც გააცნო და განცხადებას ისინიც შეუერთდნენ.
20 მაისს მოძრაობა დაფიონმა რეჟიმის 17 პატიმრის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც პატიმრები მოქალაქეებს 26 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, ოპოზიციისგან მოითხოვდნენ მკაფიო უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნავდნენ:
"ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას".
წერილს მალევე გამოეხმაურნენ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი, ონისე ცხადაძის ძმამ, სანდო ცხადაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - "სიმართლე ხვალ დილით გაირკვევა, როცა პატიმრები დარეკავენ, მაგრამ ამჟამად უტყუარი სიმართლე ისაა, რომ არცერთი პატიმრის, არცერთმა ოჯახის წევრმა არ ვიცოდით ამ წერილზე". მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ირაკლი ქერაშვილის დამაც.
მოგვიანებით მოძრაობა დაფიონმა აღნიშნული პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.