იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, პაპმა ლეო XIV-მ მზადყოფნა გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ვატიკანში გაიმართოს.
ამის შესახებ იტალიის მთავრობის მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"პაპის მხრიდან მორიგი მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის მზადყოფნის დადასტურების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ღრმა მადლიერება გამოხატა პაპ ლეო XIV-ს მიმართ მშვიდობისკენ მისი განუწყვეტელი სწრაფვის გამო". - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინის, რუსეთის, აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაციებს შორის მომდევნო შეხვედრა თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში გაიმართოს.
მანამდე პაპმა ლეომ უკრაინასა და რუსეთს ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობა შესთავაზა მას შემდეგ, რაც სტამბოლში 16 მაისს გამართულ შეხვედრაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მონაწილეობა არ მიიღეს.
ინფორმაციას ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით POLITICO ავრცელებდა.
სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები, რომელსაც პუტინი, მოლაპარაკებების დაწყების იდეის ავტორი, თავად არ დაესწრო, ვატიკანმა "ტრაგიკული" უწოდა და განაცხადა, რომ ახლადარჩეულ პაპს სურს, წმინდა საყდარმა, ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, მასპინძლის როლი შეასრულოს მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
"ყოველივე ეს ტრაგიკულია, ვინაიდან ჩვენ იმედი გვქონდა, ეს პროცესი, თუნდაც ნელი, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანდა; ამის მაგივრად, კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ, თუმცა რთული სიტუაციაა". - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.
"პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმინდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის". - დაამატა პაროლინმა.





