ვგმობთ ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას – UK-ს, საფრანგეთისა და კანადის განცხადება

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მსვლელობას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის ლიდერები. 

"კატეგორიულად ვგმობთ ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას. ადამიანთა ტანჯვის ხარისხი ღაზაში აუტანელია. გუშინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ისრაელი ღაზაში მინიმალური ოდენობის სანოვაგეს შეიტანს, არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები და აღადგინოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში". – წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად ჰუმანიტარული დახმარების აღდგენაში ჩართული უნდა იყოს გაერო.

გარდა ამისა, ლიდერებმა ჰამასს დარჩენილი ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"7 ოქტომბერს ისრაელმა ამაზრზენი დარტყმა მიიღო. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას თავი დაიცვას ტერორიზმისგან. მაგრამ ეს ესკალაცია სრულიად არაპროპორციულია". – წერია განცხადებაში.

ლიდერების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუს მთავრობა არ დაემორჩილება მოთხოვნებს, ისინი ისრაელის წინააღმდეგ კონკრეტულ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ:

"ჩვენ უყოყმანოდ გავცემთ პასუხს, მათ შორის მივმართავთ მიზანმიმართულ სანქციებს". 

განცხადებაში ასევე წერია, რომ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის ლიდერები მხარს უჭერენ აშშ-ს, კატარისა და ეგვიპტის მიერ ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის მცდელობებს: 

"სწორედ ცეცხლის შეწყვეტა და დარჩენილი ტყვეების გათავისუფლება იძლევა იმედს, რომ შეწყდება ტყვეებისა და მათ ოჯახების, ასევე, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა".

შეთანხმების მიღწევის საუკეთესო გზად ლიდერები 18 ივნისს, გაეროში ჩანიშნულ კონფერენციას მიიჩნევენ, რომელზეც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის განხილვაა დაგეგმილი.

კომენტარები