შიდა ქართლში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ადგილობრივმა მედიამ, ქართლის ამბებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში არასრულწლოვანზე იძალადეს. როგორც Qartli.ge-ს ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, მოზარდზე სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო იძალადეს.
ძალადობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ქართლის ამბები ერთ-ერთი მშობლის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტში 10-15 პირი მონაწილეობდა.
"ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით". - ქართლის ამბების ცნობით, თქვა ერთ-ერთმა მშობელმა მათთან საუბრისას.
ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. დეტალებზე შსს-ს კომენტარი არ გაუკეთებია.





