ისრაელი-ჰამასის ომი

მედია: ისრაელის იერიშის შედგად ჰამასის ლიდერი, მოჰამედ სინვარი, ლიკვიდირებულია

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) იერიშის შედეგად ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის მეთაური, მოჰამედ სინვარი დაიღუპა.

საუდის არხ "ალ-ჰადათის" ცნობით, მოჰამედ სანვარისა და მისი 10 თანმხლები პირის ცხედარი ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისის ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად ასევე მოკლულია ჰამასის სამხედრო ფრთის რაფაჰის ბრიგადის სარდალი, მოჰამედ შაბანა.

ისრაელს სინვარის და შაბანას სიკვდილი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ მისი აზრით, სინვარი ლიკვიდირებულია.

მოჰამედ სინვარი ჰამასის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის ივლისში ისრაელმა მისი წინამორბედი, მოჰამედ დეიფი მოკლა. 

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, მოჰამედ სინვარი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას წინააღმდეგობას უწევდა.

ღაზის მედიის ინფორმაციით, 17 მაისს საჰაერო იერიშის შედეგად მოჰამედის ძმა ზაქარია სინვარი და მისი სამი შვილიც დაიღუპნენ.

მანამდე გამოცემა Axios-ს სამმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიში მიიტანეს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის მეთაურზე, მოჰამედ სინვარზე. მათივე ცნობით, იერიში ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერზე მოხდა.

კომენტარები