გაერთიანებული სამეფო-ირანი

ბრიტანეთში ირანის სამ მოქალაქეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი წარედგინათ

გაერთიანებულ სამეფოში ირანის სადაზვერვო სამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი ირანის სამი მოქალაქე სასამართლოს წინაშე წარსდგა.

გაერთიანებული სამეფოს პოლიციის განცხადებით, სამივე პირი 2024 წლის 14 აგვისტოდან 2025 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში ირანის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ მოქმედებაშია ბრალდებული.

"ირანმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე, ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უფლებამოსილებები ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, რადგან არ დავუშვათ მზარდი სახელმწიფო საფრთხეები ჩვენ მიწაზე". - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა.

39 წლის მუსტაფა სეფაჰვანდი, 44 წლის ფარჰად ჯავად მანეში და 55 წლის შაფურ ყალეჰალი ხან ნური სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სეფაჰვანდს ბრალი ასევე თვალთვალსა და ბრიტანეთში მყოფი პირის მიმართ სერიოზული ძალადობის ჩადენის განზრახვაში წარედგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ბრიტანეთში 2016 წელს სატვირთოს მანქანაში დამალვის გზით შემოვიდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, დანარჩენი ორი ბრალდებულიც გაერთიანებულ სამეფოში არარეგულარული საშუალებებით, მათ შორის, მცირე ნავებით ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის გზით მოხვდა.

სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, სამივე პირი მიზანში იღებდა ტელეკომპანია Iran International-თან დაკავშირებულ ჟურნალისტებს, რომელიც ირანის მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ წარსულში განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეების დაკავების გამო "შეწუხებული" იყო.

მისი თქმით, თეირანი მზად არის დაეხმაროს გამოძიებას იმ შემთხვევაში, თუ "სარწმუნო ბრალდება დასაბუთდება".

3 და 5 მაისს გაერთიანებული სამეფოს ანტიტერორისტულმა პოლიციამ ორი სხვადასხვა გამოძიების ფარგლებში რვა მამაკაცი დააკავა, რომელთაგან შვიდი ირანის მოქალაქეა.

კომენტარები