მამა ილია ჯინჯოლავა

მამა ილია: ოჯახის სიწმიდის დღის დაწესება თეოლოგიურად გაუმართლებელია

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთი დღის დაწესება თეოლოგიურად გაუმართლებელია. 

"ეკლესიის სწავლებით, ოჯახი "პატარა ეკლესიაა", სადაც ქრისტესმიერი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ღვთიური მადლი ერთიანდება. მისი სიწმიდე ქორწინების საიდუმლოს მადლით და ეკლესიის საიდუმლოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობით არის განპირობებული. ოჯახის სიწმიდის დღის დაწესება თეოლოგიურად გაუმართლებელია, რადგან ოჯახი წმიდაა არა ერთი დღის განსაკუთრებული აღნიშვნით, არამედ მუდმივი ურთიერთობით ქრისტესთან. წმინდა წერილი გვასწავლის: "იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად." (ეფეს. 5:2).

ოჯახური სიყვარული არაა მხოლოდ ადამიანური გრძნობა, არამედ ქრისტესმიერი მსხვერპლის გამოხატულება. ამ სიყვარულში მონაწილეობა სიწმიდის არსია და არა მისი ფორმალური დღე. ოჯახის სიწმიდე არ არის ადამიანური ძალისხმევით ან დროით განსაზღვრული, არამედ ქრისტესმიერი სიყვარულით და მის მადლში ცხოვრებით. ეკლესია წმიდაა არა იმიტომ, რომ მას აქვს "სიწმიდის დღე", არამედ იმიტომ, რომ იგი არის ქრისტეს სხეული, სადაც სულიწმიდა მარადიულად მოქმედებს (ეფეს. 1:22-23). წმინდა იოანე ოქროპირი ოჯახის სიწმიდეს ქორწინების საიდუმლოსთან აკავშირებს და ამბობს, რომ "ქორწინება არ არის მხოლოდ ადამიანური ინსტიტუტი, არამედ ღვთიური საიდუმლო, რომელიც ქრისტესა და ეკლესიის ერთობას ასახავს". 

ოჯახის სიწმიდის დღედ რაიმე კონკრეტული დღის დაწესება ცრუ წარმოდგენას ქმნის, თითქოს სიწმიდე ამ დღეს მიიღწევა და არა ყოველდღიური სულიერი მოღვაწეობით. სიწმიდე გულისა და გონების განწმენდაში, ურთიერთპატივისცემაში და ქრისტესმიერ სიყვარულში მჟღავნდება: "ნეტარ არიან წმიდანი გულით, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ" (მათ. 5:8). ოჯახის სიწმიდის დღემ შეიძლება შექმნას ილუზია, რომ სიწმიდე დამოკიდებულია მხოლოდ ფორმალურ დღის აღნიშვნაზე და არა ქრისტესთან მუდმივ ერთობაზე". - წერს არქიმანდრიტი.

მისი თქმით, ეკლესიამ უკვე დაადგინა დღეები, რომლებიც ოჯახებს სულიერად აძლიერებენ და ახალი დღის დამატება ამ დღესასწაულის მნიშვნელობას ამცირებს და ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ოჯახს სიწმიდის დასადასტურებლად ახალი რიტუალი სჭირდება.

არქიმანდრიტი წერს, რომ ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის ტრადიციას, "სადაც სიწმიდე გულისა და გონების განწმენდაში, ქრისტესმიერი სიყვარულის განხორციელებასა და საიდუმლოებებში მონაწილეობაში გამოიხატება."

"სიწმიდე ქრისტიანობაში არ არის დროითი ან ფორმალური, არამედ სულიერი მდგომარეობა, რომელიც ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობით მიიღწევა. ოჯახის სიწმიდე არ არის ერთი დღით განსაზღვრული, არამედ ყოველდღიური სულიერი ერთობით, რომელიც ეკლესიის მადლში და ქრისტესმიერი სიყვარულით აღესრულება. ეკლესია, როგორც ღვთისგან დაფუძნებული და ქრისტეს მადლით შემკული ორგანიზმი, თავად ადგენს დღესასწაულებს და განასხვავებს, რა არის სულიერი ღირებულების მატარებელი. ოჯახის სიწმიდის დღის დაწესება არის ეკლესიის ტრადიციის დამახინჯება, რადგან ის წარმოადგენს ადამიანის მცდელობას, დაამატოს წმიდა დღეებს ახალი ფორმალური რიტუალი, რაც ეკლესიის სულიერ მემკვიდრეობას ეწინააღმდეგება.

ეკლესიის სულიერი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ოჯახმა ყოველდღიურად იცხოვროს ქრისტესთან, არა მხოლოდ სიმბოლური დღის აღნიშვნით, არამედ ჭეშმარიტი სულიერი ერთობით. ოჯახის სიწმიდე ხორციელდება სიყვარულში, ურთიერთპატივისცემაში და ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობაში, და ეს არის ის, რაც მას მარადიულ სიწმიდეს ანიჭებს". - ნათქვამია მამა ილია ჯინჯოლავას განცხადებაში.

კომენტარები