მზია ამაღლობელის საქმე

დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების ობიექტური ნიშანი – ბრალდების მხარის მოწმის ჩვენება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე გამოიკითხა სამედიცინო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი, რომელმაც ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს ექსპერტიზა ჩაუტარა. ჩხარტიშვილი ბრალდების მხარის მოწმეა.

სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ექსპერტიზამდე წარუდგინა მოკლე ანამნეზი, უთხრა რომ "ქალბატონმა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი".

"როდესაც ჩემს წინაშე ხდება შესამოწმებელი პირის წარმოდგენა, ხდება მოკლე ანამნეზის შეკრება. ასე ვთქვათ, ვეკითხებით, უშუალოდ საქმის გარემოებას. შესამოწმებლის გადმოცემით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთმა ქალბატონმა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი. ეს უშუალოდ რაც შესამოწმებელმა პირმა გადმომცა მე პირადად". - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილის განცხადებით, ირაკლი დგებუაძე ექსპერტიზის დროს უჩიოდა "სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში". მისივე თქმით, მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნულს უკავშირებდა თუ არა ამ კონკრეტულ ფაქტს. 

პროკურორმა მოწმეს ჰკითხა რა ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა დგებუაძეს, როცა მასთან მიიყვანეს. მოწმემ შეკითხვა დააზუსტა, გულისხმობდა თუ არა პროკურორი ვიზუალურ დაზიანებებში სიწითლეს. რის შემდეგაც განაცხადა, რომ სიწითლე ობიექტური დაზიანების ნიშანი არ არის და შესაბამისად, ის ვერ შეაფასებდა. 

გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი.

"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა" . - თქვა მოწმე პოლიციელმა. 

მოგვიანებით, ჩხარტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  "სიწითლე მეც მაქვს ალბათ ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის არ გაურტყამს".

გარდა ამისა, მოწმის განცხადებით, როგორც სიწითლე ისე ტკივილი არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი. მისი თქმით, ტკივილის განცდა სუბიექტურია, შესაბამისად, ექსპერტის მხრიდან ამას შეფასება ვერ მოჰყვება. 

"ტკივილი არის სუბიექტური ჩივილი, შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტი, ტკივილის შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია". - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა, მოწმეს ჰკითხა, როგორც სამედიცინო ექსპერტს აქვს თუ არა რამე მეთოდი გამოიცნოს, შესამოწმებელი პირი, ამ შემთხვევაში, ირაკლი დგებუაძე მართლა განიცდიდა ტკივილს თუ სიმულანტობდა. რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ ამას შეფასება მისი კომპეტენცია არაა და როგორც ექსპერტს არ შეუძლია. 

მაია მწარიაშვილმა შეკითხვა დააზუსტა "ანუ დაშვება ერთნაირია სიმულანტობს თუ მართლა სტკივა", რაზეც მოწმე დაეთანხმა.

რაც შეეხება მზია ამაღლობელის ექსპერტიზას, მოწმის განცხადებით, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. როგორც მან გამარტა, ამაღლობელის თქმით, დაზიანება 12 იანვარს უცნობმა პირმა, აქციაზე მიაყენა. 

"ექსპერტიზისას შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში, შეხლა-შემოხლის დროს წააქციეს, უცნობმა პირმა მხრის არეში მოუჭირა ხელი, ზუსტად არ ახსოვს ვინ იყო ეს პიროვნება". - თქვა ჩხარტიშვილმა. 

პროკურორმა მოწმეს ჰკითხა, მიუთითა თუ არა ამაღლობელმა კონკრეტულ პირზე, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება. გივი ჩხარტიშვილი დღევანდელ პროცესზე გამოსაკითხი ერთადერთი მოწმე იყო. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

დღევანდელ პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი ანნა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი მარდისალუ კაჰარი და ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ესწრებიან.

წინა სხდომაზე, 8 მაისს, გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძე, რომლისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ირაკლი დგებუაძე პოლიციის მეორე მაღალჩინოსანი იყო, რომელიც მზია ამაღლობელის საქმის ფარგლებში გამოიკითხა. სასამართლოს ჩვენება ასევე მისცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ. 


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები