ევროკავშირი-სომხეთი-აზერბაიჯანი

ფონ დერ ლაიენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ველით

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ტირანაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდნენ.

"მე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სამშვიდობო ხელშეკრულების დასრულება მივულოცეთ". - წერს ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირი მის სწრაფ ხელმოწერას ელოდება.

"ევროკავშირი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია რეგიონულ კავშირებში, დააკავშიროს მთელი რეგიონი და დააახლოოს იგი ჩვენ კავშირთან". - წერს ფონ დერ ლაიენი.

13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.

"სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური გზებით აცნობა, რომ სომხეთი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს, რომლებიც ეხება "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიის ორ შეუთანხმებელ პუნქტს და შესთავაზა [აზერბაიჯანს] ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომელიც დაადასტურებს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტსა და სამუშაო ვერსიაზე მოლაპარაკებების დასრულებას. 

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.

შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები