ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოს ელიტა ვერ შეეგუა, დამოუკიდებლები ვართ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა
Novostipmr

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას უნდა შეეგუოს.

ამის შესახებ გუნბამ РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა". - თქვა გუნბამ. 

გუნბამ დაამატა, რომ მარიონეტულ რეჟიმს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სურს და საქართველოსთან "კეთილმეგობრული ურთიერთობებისკენ" ისწრაფვის. მისივე თქმით, საქართველოსთან დიალოგი მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებისა და მხარეებს შორის ძალის არგამოყენების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არის შესაძლებელი.

"ჩვენი პრიორიტეტია, ვიცხოვროთ მშვიდობით ყველა ჩვენს მეზობელთან. საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობები გვსურს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს: მათ წინაშე დამოუკიდებელი სახელმწიფოა". - თქვა გუნბამ. 

შეგახსენებთ, რომ 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გუნბა მოსკოვს ეწვია და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კომენტარები