საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბულში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.
მაკრონის თქმით, ეს "პირველი ნაბიჯია", თუმცა "არასაკმარისი". საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს მოუწოდა, ცეცხლი მოლაპარაკებების გარეშე შეწყვიტოს.
"უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უნდა უძღოდეს წინ". - განაცხადა მაკრონმა პოლონეთის ქალაქ პრჟემისლში უკრაინიდან დაბრუნებისას.
მაკრონის თქმით, პუტინი "გამოსავლის ძიებაშია, თუმცა მას კვლავ სურს დრო იყიდოს".
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
პუტინის მტკიცებით, სტამბოლის პირდაპირი მოლაპარაკებები 2022 წელს თავად უკრაინულმა მხარემ ჩაშალა.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.





