ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგებიდან უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს გამოუყოფს.
ამის თაობაზე ხელშეკრულებას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, დანიის ბიზნესის მინისტრმა, მორტენ ბოდსკოვმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ედმონდო ჩირიელიმ ლვივში მოაწერეს ხელი.
უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი წერს, რომ ევროკავშირი დაახლოებით 1 მილიარდი ევრო უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის ყიდვას, 600 მილიონი ევრო არტილერიისა და საბრძოლო მასალის ყიდვას, 200 მილიონზე მეტი ევრო კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას მოხმარდება.
ამის შესახებ შმიგალი X-ზე წერს.
"რუსული ფული უკრაინული იარაღებისთვის. დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაახლოებით 1.9 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგება ევროპის მშვიდობის ფონდის გზით უკრაინისთვის იარაღების საყიდლად იქნება გამოყენებული. ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის საყიდლად გამოიყენება. დამატებით 600 მილიონი ევრო არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე დაიხარჯება. 200 მილიონზე მეტი ევრო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის იქნება გამოყენებული. გულწრფელად მადლიერები ვართ ევროკავშირის ამ შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებისთვის, ლიდერობისთვისა და მხარდაჭერისთვის". - წერს შმიგალი.
დღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით უკრაინაში ჩავიდნენ, პარალელურად კი მოსკოვში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმი მიმდინარეობდა.





