ბრიტანელი მწერალი და ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი HBO-ს "ჰარი პოტერში", სევერუს სნეიპის როლზე ფერადკანიანი მსახიობის, პააპა ესიდუს დამტკიცებას და ფანების კრიტიკას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ HBO-მ მაყურებელს ჰარი პოტერის ახალი სერიალის სამსახიობო შემადგენლობის ნაწილი წარუდგინა, სადაც პროფესორი სევერუს სნეიპის როლზე ფერადკანიანი მსახიობი, პააპა ესიდუ დამტკიცდა - ამ გადაწყვეტილებას ფანებისგან განსაკუთრებულად კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნულმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება, როცა პააპა ესიდუმ სატელევიზიო და კინოინდუსტრიის სფეროს წარმომადგენელთა ღია წერილზე ხელმოწერით დაგმო გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მიერ, 2025 წლის 16 აპრილს მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქალის იურიდიული განმარტება ბიოლოგიურ სქესზეა დამყარებული.
ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელ X-ზე სიგარითა და შამპანურით აღნიშნა:
გთავაზობთ ჯოან როულინგის პოსტს ფანების კრიტიკასა და მის გარშემო მიმდინარე დისკუსიაზე:
"არ მაქვს უფლება სერიალიდან მსახიობი გავუშვა და რომც მქონდეს, ამას არ ვიზამდი.
არ მიმაჩნია სწორად, ხალხს სამსახური და საარსებო საშუალება წავართვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებული, კანონით დაცული შეხედულებები აქვთ". - წერს როულინგი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია.
ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს სტრიმინგ სერვის HBO MAX-ზე გამოვა - სერიალი, სავარაუდოდ, შვიდ სეზონს მოიცავს და თითოეული მათგანი ჯ.კ. როულინგის წიგნების სერიის ეკრანიზაცია იქნება.





