პაკისტანი-ინდოეთი

ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

პაკისტანის ქაშმირის რეგიონში, ქალაქ მუზაფარაბადთან ახლოს, მთებთან რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. ინფორმაციას Reuters-ს თვითმხილველები აწვდიან.

პაკისტანის სამხედრო ძალების სპიკერმა ტელეკომპანია ARY-ს ეთერში აღნიშნა, რომ ინდოეთი პაკისტანს სამ ადგილას რაკეტებით თავს დაესხა და პაკისტანი შესაბამის პასუხს აუცილებლად გასცემს.

პარალელურად, ინდოეთმა დაადასტურა, რომ პაკისტანისა და პაკისტანის ქაშმირის ტერიტორიაზე "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" სარაკეტო იერიში მიიტანა.

"ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია და იერიში მიიტანეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე პაკისტანსა და პაკისტანის ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და იმართებოდა ინდოეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტები.

ჩვენი ქმედებები იყო ფოკუსირებული, ზომიერი და არაესკალაციური ხასიათის. პაკისტანის არცერთი სამხედრო ობიექტი არ გამხდარა სამიზნე. ინდოეთმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი თავშეკავება როგორც სამიზნეების შერჩევისას, ასევე შესრულების მეთოდის მხრივ". - წერია ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ინდოეთის არმიის ცნობით, საპასუხოდ პაკისტანმა ქაშმირში მდებარე გამყოფ ხაზთან საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა კი ინდოეთის სარაკეტო შეტევა მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ პაკისტანის პასუხი მასშტაბური იქნება.

"ინდოეთმა მიზნად სამოქალაქო დასახლებები ამოიღო. ინდოეთის თავდასხმის ფორმის გათვალისწინებით, ჩვენ მეტი ინტენსივობით ვუპასუხებთ". - თქვა ასიფმა.

კომენტარები