7 მაისის დილის საათებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.
პაკისტანის მტკიცებით, იერიშზე საპასუხოდ ინდოეთის არმიის ხუთი ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. ქვეყნის არმიის სპიკერმა და დიპლომატიურმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავებს შორის სამი ფრანგული Rafales ტიპის ავიაგამანადგურებელი და ორიც რუსული თვითმფრინავია.
ინდოეთი აღნიშნულ ცნობას არ ადასტურებს, თუმცა ინდურ ქაშმირში ადგილობრივი მთავრობის ოთხმა წყარომ გამოცემა Reuters-ს უთხრეს, რომ ღამით სამმა ავიაგამანადგურებელმა ავარია განიცადა.
პაკისტანის თქმით, იერიშის ფარგლებში ინდოეთის მხრიდან გაშვებული რაკეტები სამ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა. თავის მხრივ, ინდოეთმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი იერიშები" მიიტანეს "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" პაკისტანსა და ქაშმირის რეგიონში, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია სამიზნეების ლოკაცია, თუმცა განმარტა, რომ იერიშის ფარგლებში "მიზანში არ ყოფილა ამოღებული პაკისტანის სამხედრო დაწესებულებები". ინდოეთის თქმით, იერიშები "თვისებრივად ფოკუსირებული, მოზომილი და არაესკალაციური" იყო.
პაკისტანის არმიის სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ ინდოეთის მხრიდან იერიშის დაწყების შემდეგ, 26 პაკისტანელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. მისი თქმით, ინდოეთის იერიშებს პენჯაბში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი 3 წლის ასაკის ბავშვი და შვიდი ქალი.
მეზობელ სახელმწიფოზე ინდოეთის თავდასხმა ყველაზე მასშტაბურია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. პაკისტანის პრემიერმინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ინდოეთის იერიშებს "საომარი ნაბიჯი" უწოდა და X-ზე აღნიშნა, რომ მის ქვეყანას "ყოველგვარი უფლება აქვს, [ინდოეთს] ძალით გასცეს პასუხი".
თუმცა, მოგვიანებით, პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა, რომ პაკისტანი კონფლიქტის "დასასრულებლად" მზად არის.
"ჩვენ მთელი ეს ორი კვირა ვამბობდით, რომ არასდროს წამოვიწყებთ რაიმე მტრულ ქმედებას ინდოეთის მიმართ. მაგრამ თუ ინდოეთი თავს დაგვესხმება, ჩვენ პასუხს გავცემთ. თუ ინდოეთი უკან დაიხევს, ჩვენც ცალსახად დავასრულებთ". - თქვა მან.
ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის გაღვივება 22 აპრილს პაჰალგამში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გამოიწვია, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა ინდოეთის კონტროლქვეშ არსებულ ქაშმირში 25 ინდოელი და ნეპალის მოქალაქე მოკლეს.
ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელ "ყველა ტერორისტს იპოვიდა და დასჯიდა". გავრცელებულ განცხადებაში ინდოეთი ამბობდა, რომ ფლობდნენ სანდო ინფორმაციას, რომელიც პაჰალგამის თავდასხმაში პაკისტანიდან მოქმედი ტერორისტების აშკარა ჩართულობაზე მიანიშნებდა.
ქაშმირის პოლიციის თქმით, ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამ კაცს ეძებდნენ, მათ შორის პაკისტანის ორ მოქალაქეს. პაკისტანი თავდასხმაში ნებისმიერი სახით ჩართულობას უარყოფს და მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვდა.
ამის საპასუხოდ ინდოეთმა შეაჩერა შეთანხმება, რომელიც მდინარე ინდის აუზის წყლის პაკისტანთან გაზიარებას გულისხმობდა. ამის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ვითარება მკვეთრად გაუარესდა, რის ფარგლებშიც მათ დახურეს საჰაერო სივრცეები და პორტები, შეწყვიტეს ვაჭრობა და ჩაკეტეს სახმელეთო საზღვარი.
ინდოეთმა 7 მაისს პაკისტანის წინააღმდეგ წამოწყებულ იერიშს "სინდურის ოპერაცია" უწოდა. სინდური ტრადიციული წითელი ფერის კოსმეტიკური ფხვნილია, რომელსაც ქალები თმის გაყოფის ხაზზე ისვამენ. ის ქორწინების ტრადიციულ ინდუისტურ სიმბოლოს წარმოადგენს. პაჰალგამის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ინდური სოციალური მედია მოიცვა სურათმა, რომელშიც ცოლი ქმრის ცხედართან იყო მუხლმოყრილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პაჰალგამის ტურისტულ ადგილზე თაფლობის თვეს ატარებდნენ, როდესაც ტერორისტებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.
7 მაისის დილამდე ინდოეთში პაკისტანის მხრიდან პოტენციური სამხედრო პასუხისთვის ემზადებოდნენ. იერიშამდე ერთი დღით ადრე, 6 მაისს, ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის მიზნით სასწავლო წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა.
ინდოეთის იერიშის შემდეგ, 7 მაისის დილას, პაკისტანის ლიდერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი მოიწვია. მალევე პაკისტანმა საჰაერო სივრცე და სკოლები დახურა მათ მიერ კონტროლირებად ქაშმირში, დედაქალაქ ისლამაბადსა და პენჯაბის პროვინციაში, სადაც 120 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ვაშინგტონმა, რომელსაც ახლო კავშირები აქვს როგორც ინდოეთთან, ისევე პაკისტანთან, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში იერიშებს "სამარცხვინო" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი "ძალიან მალე დასრულდება".
მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა ჩინეთმაც, რომელმაც ინდოეთის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით სინანული გამოხატა.





