ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ქაშმირის პროვინციის საზღვარზე ერთმანეთს ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუხსნეს.
ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ ორივე მხარემ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა ქვეყნებს შორის დე ფაქტო საზღვარზე, რომელსაც კონტროლის ხაზი ეწოდება.
პაკისტანს ცეცხლის გახსნის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა პაკისტანის სახელმწიფო რადიოს თანახმად, პაკისტანმა ქაშმირის საზღვარზე ინდური დრონი ჩამოაგდო, რომელიც, მათი თქმით, პაკისტანის საჰაერო სივრცეს არღვევდა. ამის შესახებ ინდოეთს კომენტარი არ გაუკეთებია.
პაკისტანის სახელმწიფო რადიოს თანახმად, ინდური დრონი პაკისტანის ტერიტორიის დაზვერვას ცდილობდა.
ასევე დღეს, 29 აპრილს, ინდური გამოცემა New Delhi საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ინდოეთი ბოლოდროინდელი ტერაქტის ფონზე ქაშმირში ოთხ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს.
მანამდე, ჩინეთმა 28 აპრილს განაცხადა, რომ მიესალმება ნებისმიერ ზომას, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს და იმედოვნებს, რომ მხარეები თავშეკავებას გამოიჩენენ.
ინდოეთის შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, 28 აპრილს ქაშმირის პროვინციის საზღვარზე პაკისტანის ტერიტორიიდან დაწყებულ მცირე სროლას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაშმირში ფართომასშტაბიან სამძებრო ოპერაცია ჩაატარეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, შემოწმდა 1 000-მდე სახლი და დაიკითხა 500 მოქალაქე.
ინდური მხარის მტკიცებით, თავდასხმაში მონაწილე ორი პირი პაკისტანელია, თუმცა ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.
პაკისტანის არმიის მტკიცებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში 54 ისლამისტი მებრძოლი მოკლა, რომლებიც პაკისტანში ავღანეთის საზღვრიდან ცდილობდნენ შეღწევას.
"ქაშმირის წინააღმდეგობის მოძრაობა", რომელმაც თავდაპირველად თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, პლატფორმა X-ზე წერს, რომ მათი თავდაპირველი განცხადება კიბერთავდასხმის შედეგი იყო და 22 აპრილის თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.
მანამდე, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქაშმირის პროვინციაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ნეიტრალურ გამოძიება მოითხოვა.
ცნობისთვის, ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 26 აპრილს ქაშმირის პროვინციის საზღვარზე ერთმანეთს მორიგჯერ გაუხსნეს ცეცხლი.
ინდოეთის არმიის განცხადებით, მათ "პროვოკაციის გარეშე" დაწყებულ სროლას უპასუხეს, რომელიც 25 აპრილის ღამეს პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პოსტიდან დაიწყო.
ინდოეთის არმიამ ასევე განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ცეცხლი 24 აპრილსაც გახსნეს. ინდოეთის მხარეს მსხვერპლი არ აღრიცხულა.
მანამდე, ინდოეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი უფენდრა დვივედი უსაფრთხოების მდგომარეობის შესასწავლად ქაშმირის პროვინციაში ჩავიდა, სადაც 22 აპრილს ტურისტებზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევის შემდეგ პაკისტანმა ინდური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, ინდოეთმა ასევე შეაჩერა ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობა, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.
ინდოეთი პაკისტან მოუწოდებს შეწყვიტოს "საზღვრისპირა ტერორიზმის მხარდაჭერა" – რასაც ოფიციალური ისლამაბადი კატეგორიულად უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა.
რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტული აქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავდა მინიმუმ 10 ადამიანი.





