ალექსანდრ ვუჩიჩის კარდიოლოგის, დრაგან დინჩიჩის თქმით, სერბეთის პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და წესით, 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ აღლუმს უნდა დაესწროს, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში მოვალეობებს სრულყოფილად ვერ შეასრულებს. ინფორმაციას Ukrianska Pravda სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვუჩიჩის კარდიოლოგის თქმით, პრეზიდენტს ჯანმრთელობის იგივე პრობლემა ბოლო 10 წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა, რაც სისხლის უკიდურესად მაღალ წნევას უკავშირდება.
3 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა.
"დეტალებში ვერ შევალ, თუმცა როდესაც [პრეზიდენტი] ამერიკაში იყო, გულმკერდის ძლიერი ტკივილი დაეწყო, რამაც ცოტა ხანი გასტანა – მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე წამი, რაც თანხვედრაში არ მოდის ოთახში მასთან ერთად მყოფი სხვა ადამიანების მონაყოლთან, რომლებმაც თქვეს, რომ ტკივილმა უფრო დიდი ხნის განმავლობაში გასტანა". - თქვა კარდიოლოგმა.
დინჩიჩმა დაამატა, რომ შესაბამისი გამოკვლევებისა და ანალიზების ჩატარების შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ვუჩიჩის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა "სტაბილური და დამაკმაყოფილებელია".
ექიმების რეკომენდაციით, ვუჩიჩმა რეგულარული სამედიცინო შემოწმება და მკურნალობა უნდა გააგრძელოს.
"ნამდვილად არარეალისტურია, მოველოდეთ, რომ პრეზიდენტი საკუთარ ნორმალურ აქტივობებს უახლოეს დღეებში სრულად დაუბრუნდეს". - თქვა დინჩიჩმა.
სერბეთს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვუჩიჩი აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტისას, 2 მაისს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ბელგრადში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის ლიდერს აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი და ასევე სურდა, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვედროდა. ამავე ცნობებით, ვუჩიჩი ფლორიდაში 30 აპრილს ჩავიდა და ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანისა და სერბ ანტრეპრენერებს შეხვდა.
სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს პუტინის აღლუმზეა მიწვეული. რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან.
სიაში ვუჩიჩიც არის, რომელმაც 9 მაისის ღონისძიებაზე დასწრება რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. უცნობია, შეუშლის თუ არა ხელს ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა ვუჩიჩს პუტინის აღლუმზე დასწრებაში.





