რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ტრამპის განცხადება, რომ აშშ-მ მეორე მსოფლიო ომში სხვა მოკავშირეებზე მეტი გააკეთა "პათეტიკური სისულელეა".
"ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ აშშ-მ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანა და რომ 8 მაისს სპეციალურ დღესასწაულს დააწესებს, დღესასწაული ცუდი იდეა არ არის, რაც შეეხება მის პირველ დასკვნას, ეს პათეტიკური სისულელეა". - დაწერა მედვედევმა VKontakte-ში.
"ჩვენმა ხალხმა 27 მილიონი ვაჟისა და ქალიშვილის სიცოცხლე შესწირა დაწყევლილი ფაშიზმის განადგურებას. ამიტომ გამარჯვების დღე, ეს ჩვენი დღეა და ის არის 9 მაისი! ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის!". - წერს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე.
მანამდე, დონალდ ტრამპმა აშშ-ში 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, 11 ნოემბერს კი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაარქვა.
ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
"მრავალი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს აღნიშნავს, როგორც გამარჯვების დღეს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის. ამგვარად, მე 8 მაისს ვაცხადებ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ". - დაწერა ტრამპმა.





