აშშ-კანადა

კანადის პრემიერმინისტრი, მარკ კარნი 6 მაისს თეთრ სახლს ეწვევა

კანადის პრემიერმინისტრი, მარკ კარნი 6 მაისს თეთრ სახლს ეწვევა, სადაც ის პირველად შეხვდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

29 აპრილს კანადაში ფედერალური არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერმინისტრი, მარკ კარნია.

 კარნიმ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კანადასა და აშშ-ს შორის ძველი ურთიერთობა "დასრულებულია".

კარნიმ თქვა, რომ "გლობალური ვაჭრობის სისტემა, რომელსაც აშშ ამყარებდა" დასრულებულია. მისივე თქმით, მომდევნო თვეები კანადისთვის რთული იქნება და მსხვერპლს მოითხოვს. 

"ჩვენი ძველი ურთიერთობა აშშ-სთან, ურთიერთობა, რომელიც სტაბილურად მზარდ ინტეგრაციას ეფუძნებოდა, დასრულებულია. გლობალური ვაჭრობის სისტემა, რომელსაც აშშ ამყარებდა, სისტემა, რომელსაც კანადა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული ეყრდნობოდა, სისტემა, რომელიც, მართალია, იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობის მოტანაში გვეხმარებოდა, დასრულებულია. [...] ეს ტრაგედიებია, მაგრამ ჩვენი ახალი რეალობაა". - თქვა კარნიმ.  

კარნი სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას დაპირდა, რომ "წარმოადგენს ყველას, ვინც კანადას სახლს უწოდებს" და თქვა, რომ ტრამპი კანადას არასდროს არ დაეუფლება. 

"როგორც უკვე თვეებია გაფრთხილებთ, ამერიკას ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა სურს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ცარიელი მუქარები. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, რომ გაგვტეხოს, რათა ამერიკა დაგვეუფლოს. ეს არასდროს არ მოხდება". - თქვა კარნიმ. 

კარნის თქმით, კანადამ ამერიკის "ღალატისგან" გაკვეთილები უნდა ისწავლოს და კანადელებმა ერთმანეთზე უნდა იზრუნონ.

"ამერიკის ღალატის გამო შოკში ვართ, მაგრამ გაკვეთილები არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ თავს უნდა გავუფრთხილდეთ და, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ". - თქვა კარნიმ. 

კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ტრამპთან დისკუსიას გამართავს, ეს იქნება "ორ სუვერენულ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობის განსახილველად". 

"და ეს იქნება სრული ცოდნით, რომ ყველა კანადელისთვის კეთილდღეობის ასაშენებლად აშშ-ს გარდა სხვა მრავალი, მრავალი ვარიანტი გვყავს". - თქვა კარნიმ.

 

კომენტარები