29 თებერვალს, გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა — ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამეფო საჰაერო ძალების (RAF) Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებმა, აშშ-სთან კოორდინაციით, რამდენიმე ნაგებობაზე მიიტანეს იერიში, რომლებიც ჰუსიტების მიერ თავდასხმითი დრონების წარმოებისთვის გამოიყენებოდა.
თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ იერიშები წარმატებული იყო და მათი მიზანი ბრიტანული და საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების დაცვა იყო.
მისი თქმით, "წითელი ზღვის გავლით გადაზიდვების 55%-იანი ვარდნა უკვე მილიარდობით ზარალს იწვევს, რეგიონურ არასტაბილურობას აძლიერებს და საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთში ოჯახების ეკონომიკურ უსაფრთხოებას".
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმისთვის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა იყო გამოყენებული და ოპერაცია "ძალიან ფრთხილად დაიგეგმა", რათა სამიზნეები "მშვიდობიანი მოსახლეობის, ან არასამხედრო ინფრასტრუქტურისთვის, მინიმალური რისკით" განადგურებულიყო.
იერიშები ღამით განხორციელდა - რაც, სამინისტროს განმარტებით "კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო პირების ადგილზე ყოფნის ალბათობას".
30 აპრილს, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში, ჰილიმ განაცხადა, რომ "პირველადი შეფასებით, ყველა დაგეგმილი სამიზნე ზუსტად იქნა განადგურებული და მტკიცებულება სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ არ არსებობს".
ჰუსიტების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფო "უნდა ელოდოს თავისი აგრესიის შედეგებს" - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტელეარხ Al Masirah-ზე გამოქვეყნდა.





