რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Axios: ვატიკანში ზელენსკიმ ტრამპს პუტინის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა

გამოცემა Axios ინფრომირებულ წყაროებზე დაყრდნობით 26 აპრილს წმინდა პეტრეს ტაძარში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს.

Axios წერს, რომ შეხვედრაზე ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისა და ცეცხლის შეწყვეტის პირვანდელ გეგმასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

გამოცემის მტკიცებით, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინი დათმობაზე არ წავა, თუ აშშ-სგან მეტ ზეწოლას არ იგრძნობს.

წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ შეხვედრაზე უპირობო ცეცხლის შეწყვეტის პირვანდელ წინადადებაზე დაბრუნებისა და ყირიმის აღიარების საკითხიც დააყენა.

გამოცემის თანახმად, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ ცნობს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მიმართ ამ მოთხოვნის დაყენებას არ აპირებს და გეგმა მხოლოდ ამერიკის მხრიდან აღიარებას გულისხმობს. 

Axios-ის ინფორმაციით, ვატიკანში შეხვედრისას ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა მინერალების შეთანხმებას ხელი რაც შეიძლება მალე მოაწეროს.

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა Axios-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი მსოფლიო ლიდერებთან პრეზიდენტის კერძო საუბრებზე კომენტარს არ აკეთებს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით, [ზელენსკისთან] შეხვედრა კარგად წარიმართა. ვნახავთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ, ბევრ რაღაცას გავიგებთ. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რომ რაკეტები იყო გაშვებული რუსეთის მიერ. ძალიან იმედგამაცრუებელია. ვნახავთ, რა მოხდება." - თქვა ტრამპმა.

ერთ-ერთი რეპორტიორის კითხვაზე, ენდობა თუ არა ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხს "დაახლოებით ორ კვირაში გეტყვით", რითაც მან მიანიშნა, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება რუსეთთან მიმართ გატარებული საგარეო პოლიტიკის კუთხით.

კომენტარები