რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სეულის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული

Photo: Ed Jones/AFP/Getty Images

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, რუსეთის მხარეს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული

ამავე მონაცემებით, რუსეთში მებრძოლი ათასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცისგან, დაღუპულების ჩათვლით, ჯამში დაახლოებით 4700 დაშავდა. 

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, იანვარ-მარტის პერიოდში დაახლოებით 2000 დაჭრილი მებრძოლი დააბრუნეს ჩრდილოეთ კორეაში. მოკლულ სამხედროებს კი კრემაციას რუსეთში უკეთებდნენ, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეაში მათ ფერფლს აგზავნიდნენ. 

დაზვერვის განცხადებას წინ უძღვის ფხენიანის მიერ რუსეთში სამხედროების გაგზავნის შესახებ არსებული ცნობების პირველად დადასტურება. 

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ

მედიის მიხედვით, სამხედროები ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან დადებული ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში გაგზავნა. 

"კურსკის გათავისუფლების ოპერაცია, უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციაში შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვებით დასრულდა" – თქვა კიმ ჩენ ინმა. 

ამავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაკიმ ჩენ ინს კურსკის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებაში დასახმარებლად ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

"კორეელმა მეგობრებმა იმოქმედეს სოლიდარობის, სამართლიანობისა და ამხანაგობის გრძნობით. ჩვენ ამას მეტად ვაფასებთ და ღრმად მადლიერები ვართ პერსონალურად ამხანაგი კიმ ჩენ ინისა და ჩრდილოკორეელი ხალხის მიმართ". – თქვა პუტინმა კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით. 

ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 000-12 000 სამხედრო გაგზავნა, თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა. მარტში სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ფხენიანმა რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა. 

სამხედროებთან ერთად, ფხენიანი მოსკოვს საჰაერო თავდაცვის რაკეტებით, ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობით, დრონებითა და ჯაშუშური თანამგზავრების გაშვებისთვის საჭირო ტექნოლოგიებით ამარაგებს. 

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ასევე გაგზავნა დაახლოებით 15 000 პირი, რომლებიც რუსეთში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის პროგრამების საფუძველზე დასაქმდებიან. 

"ომში მონაწილეობის ექვსი თვის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, ვინაიდან მან ისწავლა ახალი ტიპის იარაღის გამოყენება, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატები". - თქვა სამხრეთ კორეის დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ლი სეონგ-კვინმა.

კომენტარები