27 აპრილს სამხრეთ კორეის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, კორეის დემოკრატიულმა პარტიამ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატად პარტიის ყოფილი ლიდერი, ი ჯე-მიონგი აირჩია.
"ი ჯე-მიონგი არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, არამედ იმ ხალხის კანდიდატია, ვისაც ამბოხების დასრულება, კრიზისის დაძლევა, ერთიანობისა და ბედნიერების მიღწევა სურს". - განაცხადა ჯე-მიონგმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ის გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს და იმუშავებს იმისთვის, რომ სამხრეთ კორეა "მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ლიდერი და სამაგალითო დემოკრატია გახდეს".
61 წლის ყოფილმა ადვოკატმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მცირე სხვაობით წააგო.
დემოკრატიული პარტიის ლიდერობამდე ჯე-მიონგი ქალაქ სონგნამის მერი და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონის, გიონგის პროვინციის გუბერნატორი იყო.
ის იმ დეპუტატთა შორის იყო, რომლებიც 2024 წლის 3 დეკემბერს, ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიერ გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ბრძანების გასაუქმებლად ეროვნულ ასამბლეაში გაემართნენ.
გასულ წელს ჯე-მიონგი ქალაქ ბუსანში ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებთან შეხვედრისას დანით თავდასხმას გადაურჩა.
მიმდინარე წლის დასაწყისში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მის მიმართ წარსულში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის წაყენებული ბრალი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო განიხილავს.
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ვნისს გაიმართება.
მანამდე, 4 აპრილს, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ, იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტი ერთხმად დაამტკიცა.
იუნ სოკ იოლმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება. მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.





