დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

AP: ჰეგსეთი საკუთარ ოფისში დაუცველ ინტერნეტკავშირს იყენებდა

დონალდ ტრამპის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პიტ ჰეგსეთი
SAUL LOEB/AFP via Getty Images

სააგენტო The Associated Press ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი საკუთარ ოფისში პენტაგონის პროტოკოლების გვერდის ავლით არსებული ინტერნეტკავშირით სარგებლობდა, რათა Signal-ის მესენჯერის აპლიკაცია პირად კომპიუტერზე გამოეყენებინა.

ამ ტიპის ინტერნეტკავშირის პირობებში მომხმარებლის ინფორმაცია და გამოყენებული ვებსაიტები არ ექვემდებარება იმ უსაფრთხოების ფილტრებს, რაც პენტაგონის დაცულ ქსელში მოქმედებს. 

ასეთი ხაზის გამოყენების მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალრიცხოვან IP მისამართებს შორის მომხმარებელი არ ჩანს, თუმცა ასეთი კავშირი მომხმარებელს თვალთვალისა და ჰაკერული თავდასხმის რისკის წინაშე აყენებს.

პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის მტკიცებით, "თავდაცვის მდივნის საკომუნიკაციო არხები გასაიდუმლოებულია და ჰეგსეთს Signal-ის აპლიკაცია სამთავრობო კომპიუტერში არასდროს გამოუყენებია".

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად ჰეგსეთს ოფისის უკანა ნაწილში მისვლა უწევდა, რათა Wi-Fi-სთან წვდომა ჰქონდა, თუმცა შემდეგ საკუთარ მაგიდასთან ინტერნეტკავშირის დაყენება მოითხოვა, რათა პირადი კომპიუტერი გამოეყენებინა.

მანამდე, New York Times ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა 15 მარტს Signal-ის მეორე ჩატში, რომლის წევრებიც მისი ცოლი, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ, იემენში დაგეგმილი ავიადარტყმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააზიარა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-იც წერს.


24 მარტს The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებში ის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის ჯგუფურ ჩატში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სახელის მქონე ანგარიშმა დაამატა. ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები. 

ვრცლად, თუ რაზე საუბრობდნენ ჩატში, წაიკითხეთ აქ – "ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა".

კომენტარები