უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს თათრეთში, ქალაქ იელაბუგაში მდებარე შაჰედის (იგივე გერან-2-ის) ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონების საწარმოზე.
თავდასხმის ამსახველი ვიდეოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. პირველი ცნობების მიხედვით, ჩამოგდებულია 4 დრონი. თუმცა ქალაქის მერისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობების მიხედვით, ჩამოაგდეს 1 დრონი. ამავე ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები და არ ყოფილა დაზიანება.
თავდასხმის გამო ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტების მუშაობა დროებით შეჩერებული იყო.
პირველად თათრეთში შაჰედის დრონების საწარმოზე იერიში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 2024 წლის აპრილში მიიტანეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინულმა დრონებმა 1 200 კილომეტრზე გრძელი მანძილი დაფარეს.
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერდა, რომ თათრეთში განთავსებულმა საწარმომ, გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად 6 000 შაჰედი უნდა აწარმოოს. ამ ტიპის დრონებს რუსეთი უკრაინაზე ყოველდღიური იერიშებისთვის იყენებს.





