უკრაინული მხარის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის მიერ 19 აპრილს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, აღდგომის დღეს რუსეთი იერიშებს განაგრძობს და გაძლიერებულად იყენებს მძიმე შეიარაღებას.
"სამწუხაროდ, რუსული ძალების მხრიდან მძიმე შეიარაღების გამოყენების მზარდი ტენდენცია გრძელდება. დღის დასაწყისიდან 16:00 საათამდე სხვადასხვა მიმართულებით ჯამში რუსული იერიშის 46 შემთხვევა და დაბომბვის 901 შემთხვევა იყო, მათგან 448 მძიმე შეიარაღების გამოყენებასაც მოიცავდა" - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის, განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, სააღდგომოდ რუსეთის მხრიდან ყველაზე ძლიერი სამხედრო მოქმედებები პოკროვსკის მიმართულებით შეინიშნებოდა. ამასთანავე, სირსკის თქმით, პუტინის სიტყვები "ცეცხლის შეწყვეტასთან" დაკავშირებით მცდარი აღმოჩნდა კურსკის ოლქის, სივერსკის მიმართულებისა და დონეცკის ოლქის სხვადასხვა მიმართულებების შემთხვევაშიც.
ამას გარდა, უკრაინული მხარე იმეორებს, რომ მათი არმია განაგრძობს სიმეტრიული პასუხის გაცემას, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
"ამ აღდგომამ აშკარად აჩვენა, რომ ამ ომის ერთადერთი წყარო, და მისი გაგრძელების მიზეზი, რუსეთია". - წერს სირსკი.
განცხადებაში უკრაინული მხარე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ისინი მზად არიან "სრული, უპირობო და გულწრფელი" ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელიც 30 დღით შეიძლება დაიდოს, თუმცა სირსკი ამატებს, რომ რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე პასუხი არ ყოფილა.
პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, 19 აპრილს უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე.
თუმცა, როგორც ხერსონის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რუსებმა ოლქზე დრონებით შეტევა სწორედ 18:00 საათისკენ დაიწყეს. ოკუპანტების იერიშის შედეგად, პროკუდინის ცნობით, ქალაქ ხერსონის დნეპრის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 7 ბინაში ცეცხლი გაჩნდა. დრონი აფეთქდა სოფელ უროჟანიეს ერთ ავტომობილშიც. რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ სტანისლავზეც. ხოლო ზელენსკის თქმით, 20 აპრილის დილის 10 საათიდან (ადგილობრივი დროით) რუსეთის მხრიდან იერიშების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.