როგორც წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 20 აპრილის დილის 10 საათიდან (ადგილობრივი დროით) რუსეთის მხრიდან იერიშების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. ამასთან, როგორც წერს ზელენსკი, რუსეთის ძალები აქტიურად იყენებენ კამიკაძე დრონებს, მათ შორის, რუსეთის არმიამ ორჯერ გაზარდა FPV ტიპის დრონების გამოყენება.
უკრაინის სამხედრო ძალების მონაცემებით, რუსეთის არმია ყველაზე აქტიურად პოკროვსკისა და სევერსკის ტერიტორიებს უტევს. ამ მიმართულებებსა და ფრონტის სხვა რამდენიმე მონაკვეთზე რუსული ჯარი მძიმე შეიარაღების გამოყენებას აგრძელებს.
"ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ დადებული პირობის ყველა დარღვევას, საუბარია აღდგომის პერიოდში სრული მშვიდობის შენარჩუნებაზე. მზად ვართ, ეს ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ. ფაქტობრივად, ან პუტინი ვერ აკონტროლებს სრულად საკუთარ ჯარს, ან ეს სიტუაცია იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის რეალური მიზანი ომის დასრულება არ არის და მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი მედია-პიარი სურს. ის მაინც არის კარგი, რომ საჰაერო განგაშები არ ყოფილა," - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე.
თუმცა, როგორც ხერსონის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რუსებმა ოლქზე დრონებით შეტევა სწორედ 18:00 საათისკენ დაიწყეს. ოკუპანტების იერიშის შედეგად, პროკუდინის ცნობით, ქალაქ ხერსონის დნეპრის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 7 ბინაში ცეცხლი გაჩნდა. დრონი აფეთქდა სოფელ უროჟანიეს ერთ ავტომობილშიც. რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ სტანისლავზეც.
"18:00 საათისკენ - მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ხერსონის დნეპრის უბანში მაღალსართულიანი კორპუსის 7 ბინაში ხანძარი გაჩნდა.
19:05 - უროჟანიეში რუსული დრონი აფეთქდა მოქალაქის მანქანაში. ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი დრონი დაესხა თავს დასახლებას.
19:12 - მტრის უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა სტანისლავს.
სამწუხაროდ, სიმშვიდეს ვერ ვხედავთ. იერიშები გრძელდება და მშვიდობიანი მცხოვრებლები თავდასხმის ქვეშ კვლავ არიან.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთისთვის არაფერია წმინდა. და ოკუპანტების სიტყვების დაჯერება ნიშნავს ჩვენი თავების დაყენებას საფრთხის წინაშე. მოდით, ფხიზლად ვიყოთ!". - წერს პროკუდინი ტელეგრამზე.
ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, აღდგომასთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა.
კრემლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვის დროით შაბათის, 19 აპრილის 18:00 საათზე დაიწყება და ორშაბათის, 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
"ჰუმანიტარული საკითხების გათვალისწინებით, დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის 00:00 საათამდე, რუსული მხარე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს. მე ამ პერიოდში ვბრძანებ ყოველი სამხედრო მოქმედების შეწყვეტას". - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის გენშტაბის მეთაურთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ცეცხლის დროებით შეწყვეტისა, რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, რათა "მტრის ნებისმიერ პროვოკაციულ აქტს", ასეთის არსებობის შემთხვევაში, "წინააღმდეგობა გაუწიონ".
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე ჩვენს მაგალითს მიჰყვება. ამავდროულად, ჩვენი ჯარები მზად უნდა იყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ პოტენციურ დარღვევას თუ პროვოკაციას, ნებისმიერ აგრესიულ აქტს მტრისგან". - დაამატა პუტინმა.
პუტინის ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კრიტიკულად გამოეხმაურნენ.
"კიდევ ერთი მცდელობა პუტინის მხრიდან ადამიანების სიცოცხლესთან სათამაშოდ - ამ წუთებში საჰაერო რადარმა სარეიდო განგაშის სიგნალი გამოსცა უკრაინის მასშტაბით; ჩვენს ცაზე 17 საათსა და 15 წუთზე, რუსული საიერიშო დრონები გამოჩნდა.
უკრაინის საჰერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს ჩვენს დაცვაზე მუშაობა.
"შაჰიდის" დრონების ჩვენს ცაზე - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ". - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
"პუტინმა ახლახან გააკეთა განცხადება მის სავარაუდო მზადყოფნაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის. 30 საათი 30 დღის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, დიდი ისტორია გვაქვს მისი განცხადებების, რომლებიც მის მოქმედებებს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ვიცით, რომ მისი სიტყვების ნდობა შეუძლებელია და ჩვენ შევხედავთ არა სიტყვებს, არამედ მოქმედებებს.
რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რაც [მოლაპარაკებების] მაგიდაზე მარტიდანაა.
ჩვენ გვსურს, რუსული ძალების მიერ ცეცხლის ყოველი მიმართულებით შეწყვეტა ვიხილოთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ჩვენს პარტნიორს და საერთაშორისო საზოგადოებას, იყვნენ ფხიზლად. მხოლოდ მოქმედებები და არა სიტყვები, გამოავლენს ჭეშმარიტებას: ეს ომი დაიწყო და გრძელდება მხოლოდ რუსეთის გამო". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.