რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ჩრდილოეთ კორეიიდან რუსეთში 16 000 კონტეინერით მილიონობით საარტილერიო ჭურვი ჩავიდა

Reuters

სააგენტო Reuters გამოძიებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში რუსული ქვედანაყოფების მიერ ნასროლი ჭურვების უდიდესი ნაწილი რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან ხვდებოდა.

დამოუკიდებელი ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია, Open Source Centre საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს სატელიტური სურათებითა და სოციალურ მედიაში გავრცელებული გადამოწმებული ვიდეოების საშუალებით 20 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

ამ ხნის განმავლობაში OSC-მ 64 გადაზიდვა დააფიქსირა, რომელთა საშუალებითაც რუსეთში თითქმის 16 000 კონტეინერით მილიონობით საარტილერიო ჭურვი ჩავიდა, მათ შორის ერთ-ერთი გადაზიდვა 2025 წლის 17 მარტსაც მოხდა.

Reuters-ის გამოძიება სამი უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასაც ეყრდნობა. უკრაინელი მაღალჩინოსნები, მათ შორის სამხედრო დაზვერვის უფროსი, აცხადებენ, რომ რუსეთს ჭურვების ნახევარი სწორედ ჩრდილოეთ კორეისგან მიეწოდება.

უკრაინის სამხედრო ექსპერტმა Reuters-ს განუცხადა, რომ ზოგჯერ ეს მაჩვენებელი 70%-საც აღწევდა და იყო დრო, როდესაც რუსული საარტილერიო ქვედანაყოფები თითქმის მთლიანად ჩრდილოეთ კორეულ ჭურვებზე იყვნენ დამოკიდებული.

OSC-ის მიერ დაფიქსირებულ 64 გადაზიდვას ჩრდილოეთ კორეის პორტ რაჯინიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ოთხი გემი, Angara, Maria, Lady-R და Maia-1 ასრულებდა. გემები რუსულ პორტებში, ვასტოჩნისა და დუნაში, მიემართებოდნენ, საიდანაც საბრძოლო მასალა რკინიგზის საშუალებით უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე საცავებში იგზავნებოდა.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის მთავრობის დოკუმენტში დასახელებულია ექვსი ლოკაცია, სადაც 2024 წლის 16 აპრილიდან 9 მაისამდე საბრძოლო მასალის სარკინიგზო ტრანსპორტირება განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი ტიხორეცკის სატრანზიტო ჰაბია, რომელიც როსტოვიდან 100 კმ-ში მდებარეობს.

Reuters-ის ანალიზის თანახმად, ტიხორეცკის საწყობის გაფართოება კორეული მიწოდების ზრდის ფონზე 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა 2024 წლის 21 სექტემბერს, საწყობზე უკრაინამ ავიაიერიში მიიტანა, რამაც OSC-ის შეფასებით, ობიექტის დაახლოებით 90% გაანადგურა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ 2024 წელს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 120 გრძელი დისტანციის თვითმავალი საარტილერიო და 120 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემაც მიაწოდა.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისისთვის ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 148 KN-23 და KN-24 ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც მიაწოდა.

Reuters-მა ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ჩრდილოეთ კორეული ჭურვების გამოყენების 60-გვერდიანი ტექნიკური ინსტრუქციაა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მტკიცებით, "ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე, რუსეთის არტილერიული დარტყმების რაოდენობა განახევრდებოდა".

Reuters-ის ჟურნალისტმა, რომელიც 2024 წლის 2 იანვარს ხარკოვში ჩრდილოეთ კორეული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩავიდა, აღნიშნა, რომ რაკეტის ნამსხვრევები სხვა მასალისგან, მათ შორის მძიმე და უხარისხო მეტალისგან იყო დამზადებული.

სააგენტო სამხრეთ კორეელი უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ  2025 წლის იანვრის მდგომარეობით, უკრაინაში დაღუპული ან დაჭრილია დაახლოებით 4 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი.

კომენტარები