აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მკაცრად გააკრიტიკა ამერიკული ტელეკომპანია CBS და ამავე ტელეკომპანიის გადაცემა 60 Minutes მას შემდეგ, რაც 13 აპრილს გადაცემაში გრენლანდიისა და უკრაინის შესახებ სიუჟეტები გავიდა.
"თითქმის ყოველს კვირას, 60 Minutes [...] ახსენებს სახელს 'TRUMP' დამამცირებელი და ცილისმწამებლური სახით, მაგრამ ამ კვირის 'სიუჟეტმა' ყველას გაუსწრო.
მათ გააკეთეს არა ერთი, არამედ ორი მთავარი სიუჟეტი "ტრამპზე", ერთი უკრაინის შესახებ, რომელზეც ვიტყოდი, არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა [აშშ-ს] 2020-ის არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, სხვა სიტყვებით, პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი და მეორე სიუჟეტი გრენლანდიაზე იყო, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩემი წინამძღოლობით, არასწორად, არაზუსტად და მოტყუებით წარმოაჩენდა". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
უკრაინის შესახებ 13 აპრილის 60 Minutes-ის ეპიზოდში CBS-ის კორესპონდენტთან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა. ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ "100%-იანი" ზიზღი აქვს. ამასთან, ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა, რათა აშშ-ს პრეზიდენტმა რეალური სიტუაცია იხილოს.
CBS-ის კორესპონდენტი სკოტ პელი ზელენსკისთან ინტერვიუსთვის უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში 4 აპრილს რუსების მიერ დაბომბილ ერთ-ერთ სათამაშო მოედანს ეწვია.
მეორე სიუჟეტი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს, გრენლანდიის შესახებ იყო. სეგმენტში CBS გრენლანდიის მცხოვრებლებს ესაუბრა და მათ ტრამპის ამბიციების შესახებ, აშშ-მ გრენლანდიაზე კონტროლი დაამყაროს, აზრი ჰკითხა. სიუჟეტში რესპონდენტები, ძირითადად, კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი აშშ-ს ბოლოდროინდელი პოლიტიკის მიმართ.
ცნობისთვის, ტრამპს 60 Minutes-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. $20-მილიარდიან საქმეში აშშ-ს პრეზიდენტი CBS-ს გასული წლის ნოემბერში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიული კანდიდატის, კამალა ჰარისის ინტერვიუს რედაქტირებაში ადანაშაულებს. ტრამპის მტკიცებით, ტელევიზიამ ინტერვიუს იმგვარი რედაქტირება მოახდინა, რომ ჰარისი დადებითად წარმოეჩინა. CBS ტრამპის ბრალდებებს უარყოფს.
აღნიშნული საქმე CBS-ის წინააღმდეგ ტრამპმა ზემოხსენებულ პოსტშიც ახსენა.
"მოხარული ვარ, რომ 60 Minutes-ის, CBS-ის ყალბი ნიუსებისა და Paramount-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მაქვს შეტანილი, გაშუქების თაღლითური და ამოუცნობი გზების გამო. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო, რომ კამალა არალეგალურად არჩეულიყო, მათ შორის, ინტერვიუს შეკითხვებზე მნიშვნელოვანი პასუხების სრულად და კორუფციულად შეცვლის გზით, თუმცა ამან მათთვის არ იმუშავა.
ისინი არიან არა "ახალი ამბების შოუ", არამედ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უბრალოდ შენიღბულია "ახალ ამბებად" და პასუხი უნდა აგოს იმაზე, თუ რაც გაუკეთებია და რასაც ახლა აკეთებს". - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.
პოსტის ბოლოს ტრამპმა აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიას, რომელსაც ბრენდან კარი ხელმძღვანელობს, CBS-ზე, "მათი უკანონო და არალეგალური საქციელის გამო", მაქსიმალური ოდენობის ჯარიმების დაკისრებისა და მაქსიმალური სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდა.
"CBS უკონტროლოა ისეთ დონეზე, რაც აქამდე არ გვინახავს და ამისთვის მათ დიდი საფასური უნდა გადაიხადონ". - დაწერა ტრამპმა.